პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება, მოულოდნელი იყო

კომაში მყოფი პაციენტის, ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებული ექიმების საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისთვის, გიორგი ლობჟანიძისთვის აღკვეთის ღონისძების სახით გირაოს შეფარდება მოულოდნელი იყო.

როგორც გუმბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გირაოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ თუ არა, ეს უალხოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოდან განჩინება ავიღეთ დაკავების თაობაზე, რაც როგორც დირექტორის, ასევე ექიმის დაკავებას მოიცავდა. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ჩვენი შუამდგომლობა და ამის საფუძველზე მოხდა დაკავება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ გამოყენებული იქნა საპატიმრო გირაო გიორგი ლობჟანიძის ნაწილში, დირექტორს ვგულისხმობ, რომელსაც ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. მსგავსი მოლოდინი ბრალდების რა თქმა უნდა, გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით, არ გვქონდა. რაც შეეხება ორი ბრალდებულის პატიმრობის ნაწილს, სასამართოლომ ორივე პატიმრობაში დატოვა. გამოყენებულ გირაოსთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ ერთხელ მივიღეთ ნებართვა დაკავებასთან დაკავშირებით და დღეს ლოგიკური მოლოდინი გვქონდა პატიმრობის გამოყენებასთან მიმართებაში“, - განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორის განმარტებითვე, სახელმწიფო ბრალდებამ გამოძიება ოჯახის განცხადებისა და ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. გუმბერიძის განცხადებით, ლიცენზიასთან დაკავშირებით კლინიკა ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე თვეში დაჯარიმდა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი მათ არ გაუსაჩივრებიათ.

„გამოძიება ჩვენ 2019 წლის 5 მარტს დავიწყეთ როგორც დაზარალებულის განცხადების საფუძველზე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული მომართვის საფუძველზე, საიდანაც დგინდებოდა, რომ კლინიკაში უშუალოდ ექიმების მიერ შესაბამისი დარღვევები იყო და ოპერაცია ჩატარებული იქნა არალიცენზირებული ექიმების მიერ. ლიცენზიასთან დაკავშირებით, კლინიკა დაჯარიმდა, თავად მიიღეს ჯარიმა ადმინისტრაციული წესით და არც გასაჩივრებულა მათი მხრიდან, დღეს უკვე უარყოფენ ამ ფაქტს, რომ არალიცენზირებული ექიმები ჰყავდათ და ოპერაციას ატარებდნენ. ეს სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აცხადებს გუმბერიძე.

პროკურორის თქმით, საქმეში ექიმების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, დაკავებულების კოლეგების ჩვენებები.

„მოწმეთა ჩვენებები გვაქვს და მოწმეთა ჩვენებებს მოიცავს როგორც კლინიკის მომსახურე პერსონალის, ასევე ოპერაციაში მონაწილე ექიმების ჩვენებები. ასევე, ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი კომიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩვენებები, რომლებმაც დაგვიდასტურეს ყველა ის დარღვევა, რაც ჩადენილი იქნა ოპერაციის წარმოებისას და რამაც განაპირობა ასეთი მძიმე შედეგი.

ის, რომ გამოძიების მიერ დაბარებისას ექიმები დაკითხვაზე მოდიოდნენ, თანამშრომლობის ხარისხს არ განსაზღვრავს. ლოგიკურია, ადამიანს მიმალვის, მოწმეების ზემოქმედების საფრთხე მას შემდეგ უჩნდება, რაც ბრალდებულად იქნება ცნობილი და შესაბამისად, მოწმის სტატუსით გამოცხადებული პირი, ვერ ჩაითვლება გამოძიებასთან მოთანამშრომლე ადამიანად“, - განაცხადა გუმბერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა