ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკიდან ნათია ცირეკიძის მდგომარეობაზე ინფორმაციას გამოითხოვენ და განიხილება, სად შეიძლება განაგრძოს პაციენტმა რეაბილიტაცია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან 25 წლის ნათია ცირეკიძის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გამოითხოვს და განიხილება, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება განაგრძოს პაციენტმა რეაბილიტაცია. ამის შესახებ ტიკარაძემ ცირეკიძის ოჯახთან და ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მობილიზდება საექსპერტო ჯგუფი, რათა პაციენტისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

„ვიმსჯელეთ შესაძლო გამოსავლებზე და ქმედებების განხორციელებაზე, რომელიც დღეს შეგვიძლია განვახორციელოთ პაციენტთან მიმართებით. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან გამოითხოვს პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სად შეიძლება გაგრძელდეს პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმის მიღმა, რა დოკუმენტური შესწავლა მოახდინა რეგულირების სააგენტომ, მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება იმისთვის, რომ გამოიძიება ჩატარდეს მეტად უფრო გამჭვირვალედ და საგნობრვად. მზად ვართ, მოვახდინოთ მობილიზაცია საექსპერტო ჯგუფის, რომელიც ჩაატარებს ექსპერტიზას და ზუსტად დადგინდება ვინაა უშუალო მონაწილე და რის გამო მოხდა ზიანის დადგომა”,- განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, იკვეთება, თუ არა მომხდარში გადაცდომის ფაქტი, ტიკარაძე ამბობს, რომ ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადაცდომას ადგილი ჰქონდა.

„მხარეები ყოველთვის თავიანთ პოზიციას გამოხატავენ და დასკვნების გამოტანა სახიფათოა. ოჯახის მხრიდან მოსმენილი ინფორმაციით, იკვეთება გადაცდომები. ამას დაადგენს გამოძიება. მათ აქვთ მეტი ინფორმაცია. ჩვენი კომპეტენცია და სურვილია, დავეხმაროთ პაციენტს და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ”,- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურისვე ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა