დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ჩვენს ირგვლივ სამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ხდება, რომელთა განვითარების დინამიკა იმგვარია, წარმოუდგენელია მისი შედეგები ჩვენზე არ აისახოს.

იმედია, ამ თემებს შეძლებისდაგვარად შევეხებით, მაგრამ რადგან ჩვენში კარგა ხანია დაწყებულია საარჩევნო კამპანია და საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი, ამ თემებზე საუბრის დაწყებას ვერანაირად ვერ ავცდებით.

30 მაჟორიტარულ ოლქში უკვე ცნობილია არა მარტო ის, თუ ვინ იყრის კენჭს მმართველი გუნდიდან, არამედ ისიც, ვინ იქნებიან მათი კონკურენტები. სულ ცოტაც და მაჟორიტარულ ოლქებში სურათი მეტ-ნაკლებად სრული იქნება. ცხადია, რომ მაჟორიტარული ოლქების გარდა აქტუალური იქნება ის, პროპორციულ არჩევნებში თუ ვინ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე დარჩენილ დროში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას მაჟორიტარულ ოლქებში უკვე წარდგენილი კანდიდატების გათვალისწინებით?

- თავდაპირველად, თითქოს ჩანდა, რომ ძირითადი კონკურენტები საოქტომბრო არჩევნებში ოპოზიცია და ხელიუფლება იქნებოდა, ანუ „ნაციონალები“ და „ოცნება“. უკანასკნელ ხანს გამოიკვეთა მესამე ძირითადი მოთამაშე - „ევროპული საქართველო“, რომელსაც დამოუკიდებელი, ცალკე პოლიტიკური ბრძოლის პრეტენზია აქვს და იმისი მუდმივი სურვილიც, საზოგადოების თვალში „ნაციონალებს“ გაემიჯნოს.

თავდაპირველად, თითქოს ჩანდა, რომ ძირითადი კონკურენტები საოქტომბრო არჩევნებში ოპოზიცია და ხელიუფლება იქნებოდა, ანუ „ნაციონალები“ და „ოცნება“. უკანასკნელ ხანს გამოიკვეთა მესამე ძირითადი მოთამაშე - „ევროპული საქართველო“, რომელსაც დამოუკიდებელი, ცალკე პოლიტიკური ბრძოლის პრეტენზია აქვს და იმისი მუდმივი სურვილიც, საზოგადოების თვალში „ნაციონალებს“ გაემიჯნოს

საინტერესოა, რატომ მოინდომეს „ევროპელებმა“ მაჟორიტარობის გზით პარლამენტში მოხვედრა. მათ ხომ იციან, რომ „ნაციონალებს“ კონკურენციას ვერ გაუწევენ, პროპორციული სისტემის პირობებში. ხომ არა აქვთ მათ სახელისუფლო გუნდის ლოიალობის იმედი?

ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი - „ნაცმოძრაობაა.“ ამ ფონზე, მისთვის, შეიძლება, უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“. ამიტომ, მაჟორიტარობის გზით პარლამენტში რაც შეიძლება მეტი საგზურის მოპოვება, „ევროპელებისათვის“ უფრო რეალურია და არა ის, რომ გიგა ბოკერიამ, თითქოს საკუთარი და თავისი პარტიის ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა მაჟორიტარობის სტატუსით.

ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი - „ნაცმოძრაობაა.“ ამ ფონზე, მისთვის, შეიძლება, უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“

- საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ. გასაკვირი ის იქნებოდა, მათი ქცევა ამგვარი რომ არ იყოს.

მაგრამ, ისიც ცხადია, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტის წინაშე არქისირთულის ამოცანა დგას. ოპოზიციას უწევს ამომრჩევლისთვის იმის დამტკიცება თუ რით სჯობიან ისინი მმართველ გუნდს და ისინი ისეთს რას დაპირდებიან ამომრჩეველს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მმართველ გუნდს უწევს ამომრჩევლისთვის იმის მტკიცება თუ რატომ უნდა მისცენ მას ხმა ამომრჩევლებმა მათივე მმართველობის 8 წლისთავზე.

ჯერჯერობით, ცხადად ის ჩანს, რომ ხელისუფლების წყარო ამომრჩეველი მდუმარებით აკვირდება რაც ხდება. თუ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერების აქტივობებს არ ჩავთვლით, ამომრჩევლის მდუმარებაში ყოფნა ყველასთვის სახიფათოდ გამოიყურება.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე გამარჯვებისთვის განწირულია. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებულად აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას მმართველი გუნდი და მისი ოპონენტები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, სულ უფრო გაუგებარი ხდება?

- საქართველოს ელექტორატი, ყოველ შემთხვევაში, მისი უმრავლესობა მაინც, მშვენივრად იცნობს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას. მან კარგად უწყის ვინ რისი გამკეთებელია.

ამიტომ ამომრჩეველი ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ვინ რას ჰპირდება ხალხს, რადგან დანაპირები, ვგულისხმობ მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას, - არასოდეს არ სრულდება.

ამომრჩეველი ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ვინ რას ჰპირდება ხალხს, რადგან დანაპირები, ვგულისხმობ მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას, - არასოდეს არ სრულდება

აბა დამისახელეთ, იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემებიდან, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე აწუხებს მოსახლეობას, რომელი მოგვარდა ან გადაწყდა - უმუშევრობა, მიგრაცია, ტერიტორიები, სიძვირე, ლარის კურსი, კორუფცია, კრიმინალი, კულტურის ჩავარდნა, ზნეობრივი დეგრადაცია...

- რადგან დარწმუნების თემას შევეხეთ, ფაქტია, რომ ამ საქმით ძირითადად ძირითადი პოლიტიკური გუნდების პროპაგანდისტული მანქანები არიან დაკავებული.

ორივეს რომ ჰყავს „მძიმე არტილერია“ ვხედავთ. ორივე გუნდების პროპაგანდისტულ მანქანებს ისე აქვთ „აკრეფილი“, რომ შესაძლოა ვეღაც კი ამჩნევენ, რომ როგორც ერთის, ისე მეორის „საბრძოლო თეზისები“ მოწინააღმდეგის გასაშავებლად ისე წარმატებით აღარ მუშაობს, როგორც წინა წლებში.

არადა, თვალშისაცემია, რომ ორივე გუნდის პროპაგანდისტული მანქანები ერთიდაიგივე საღეჭს, ზოგჯერ სანახაობას სთავაზობენ პოტენციურ ამომრჩეველს, სადაც აზროვნებისა თუ თავისუფალი არჩევანისთვის ადგილი აღარც კი რჩება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულობის გამო მხარეებად დაყოფილი ტელევიზიების დამფინანსებლები აღარც კი აქცევენ ყურადღებას იმას, თუ რა გავლენას ახდენს, ანაც როგორ აღიქმება მათი განცხადებები ამომრჩევლების ცნობიერებაში. საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც მათ შორის არჩევანი უნდა გააკეთონ.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ აღიქვამს ამომრჩეველი იმას, რასაც მას ძირითადი პოლიტიკური ძალების პროპაგანდისტული მანქანები ცდილობენ „შეასმინონ“?

- ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება პირველი კითხვის გაგრძელებად მივიჩნიოთ. მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში უფრო ყურადღებას აქცევს არა ცალკეულ პერსონებს, არამედ იმას, ვინ რომელ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების, „ნაციონალების“ თუ „ევროპელების“.

როგორია დღევანდელი ამომრჩევლის უმრავლესობის განწყობა? მგონია, რომ შემგუებლური. დღევანდელი ელექტორატის უმრავლესობას, გასული საუკუნის 40-80-იან წლებში დაბადებული უფროსი და საშუალო ასაკის მოქალაქეები შეადგენენ.

ამ თაობამ ბევრი კატაკლიზმი გადაიტანა. მასში ნაკლებია ცვლილებების, რეფორმებისა და რადიკალური გარდაქმნების ჟინი. ამიტომ ამ თაობათა წარმომადგენლებს ურჩევნიათ ცუდი მშვიდობიანობა - კარგი ცვლილებების ხანას, რომლის შემთხვევაში, მომავალი უფრო ბუნდოვანია და ნაკლებპროგნოზირებადი.

ამ ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაჩვენებლის მიხედვით, ელექტორატის უმრავლესობა ხელისუფლებისაკენ გადაიხრება, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს მისით.

ამომრჩევლის უმრავლესობის განწყობა შემგუებლურია, ამიტომ მგონია, რომ ელექტორატის უმრავლესობა ხელისუფლებისაკენ გადაიხრება, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს მისით

მაგრამ, მოსახლეობის სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც ხომ არსებობს, რომლებსაც ცვლილებები სურთ. ისინი ფიქრობენ - „ნაციონალები“ თუ ხელისუფლება? ჩვენ არ ვსაუბრობთ „ნაციონალებისა“ და ხელისუფლების ტრადიციულ მხარდამჭერებზე.

არიან ბევრნი სხვანიც, რომლებსაც არც „ნაციონალები“ სურთ და არც დღევანდელი სახელისუფლო გუნდი, არც დინამიკა, არც სტატიკა, არც უწყვეტი მოძრაობა და არც უძრაობა. რაღაც საშუალო უფრო უნდათ, ანუ ის, რასაც რევოლუციის საპირისპიროდ ევოლუციას უწოდებენ.

ასეთ შემთხვევაში, მათთვის მისაღებია „ევროპული საქართველო“, რომელმაც სხვა გარკვეულ ძალებთან ერთად, შეიძლება მესამე ძალის ფუნქცია იკისრონ. თუ „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური ძალები მაქსიმალური რაოდენობით შევლენ პარლამენტში, შეიქმნება პირობები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის, რომელიც გახდება გარდამავალი პერიოდის შესაძლებლობა.

მგონია, რომ ოქტომბრის არჩევნები ამ ნიშნით განვითარდება, რაც შექმნის ქვეყნის ევოლუციური ტრანსფორმაციის საფუძველს. ვნახოთ, რა მოხდება, ჩვენ ახლა მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ.

- გასულ კვირას, მთავრობამ პანდემიის გამო დახმარებების გეგმა დაანონსა. ვერაფერს იტყვი, იგი საკმაოდ მასშტაბურია და საზოგადოების არა ერთ ფენას ეხება, რაც პრაქტიკულად გაჩერებული ეკონომიკის ფონზე თავისთავად კარგია.

მგონი აღარავინ აღარ დავობს იმაზე, რომ მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის 410 მილიონიანი ლარის პროგრამა ხელისუფლებისათვის აშკარად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. დამკვირვებელთა ნაწილი, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების ოპონენტებზე, აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვისთვის ფინანსებს არ იშურებს.

ვიმეორებ, მხოლოდ მისასალმებელია, თუ ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხალხისთვის დახმარებას გეგმავს. მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლების მიერ ხალხისთვის გაწეულმა დახმარებებმა არჩევნების შედეგებზე სერიოზული, მეტიც გადამწყვეტი როლი შეასრულონ?

- აქ სოფიზმს თავს ვერ დავაღწევთ. ხელისუფლება იტყვის, რომ ამას ხალხისათვის აკეთებს, ხოლო - ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს ელექტორატის მოსყიდვაა. ეს დაუსრულებელი დავაა.

ისეთ ღატაკ ქვეყანაში და დაბალი პასუხისმგებლობის ელექტორატის პირობებში, როცა მოსახლეობა, საკუთარი სურვილით ან სხვა რამის გამო, ნებას აძლევს ან იძულებულია ხელისუფლებას თავი მოასყიდვინოს, ეს მისივე პრობლემაა.

როცა ხალხი ხელისუფლებას მოსყიდვის საშუალებას აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს ან ურიგდება, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს. რას ერჩით? ეს მისი უფლებაა იყოს მოსყიდული.

როცა ხალხი ხელისუფლებას მოსყიდვის საშუალებას აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს ან ურიგდება, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს. რას ერჩით? ეს მისი უფლებაა იყოს მოსყიდული

- პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის აზრით, - „ოპოზიციამ იცის, რომ 2020 წლის არჩევნების მოგება გამორიცხულია და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება.“

ადრე ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომ რევოლუციისთვის ემზადებოდა. ახლა, როცა ოპოზიციურ ფლანგზე ერთიანობა საკმაოზე მეტად შერყეული ჩანს, ნაკლებადრეალისტურად გამოიყურება მათი მხრიდან არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარისთვის მზადება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო მთავრობის დაკომპლექტება, იგივე ვერ მოახერხა ოპოზიციამ, სულაც არაა გამორიცხული, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში აღმოჩნდეს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მართლაც საჭირო გახდეს?

- რიგგარეშე არჩევნები ძალიან შორეული თემაა. ბევრად უფრო აქტუალურია ოქტომბრის არჩევნები, ვიდრე ის, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ.

პირიქითაც ვიტყოდი - თუ ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, ის არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება რიგგარეშე არჩევნებს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ შემთხვევას, თუ მოხდა არჩევნების გაყალბება და ამისი თანმდევი კრიზისი, პროტესტი, საერთაშორისო ჩარევა და ა. შ.

თუ ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, ის არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება რიგგარეშე არჩევნებს

- საუბრის დასაწყისში მსოფლიოში და ჩვენს ახლო სამეზობლოში განვითარებული პროცესები ვახსენე, რომელთა განვითარების დინამიკა იმგვარია, წარმოუდგენელია მისი შედეგები ჩვენზე არ აისახოს.

ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხებს შორის ურთიერთობების გამწვავებას, თან იმ რაიონში სადაც ფეთქებადსაშიში ვითარების შექმნა აშკარად მოსკოვის ინტერესებშია. ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ვგულისხმობ არა მარტო სირიაში ჩამოყალიბებულ რეალობას, არამედ იმასაც, რომ ბეირუთში აფეთქების შემდეგ მთავრობა იძულებული იყო სრული შემადგენლობით გადამდგარიყო.

ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს. ლუკაშენკოს მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებას ქუჩაში ხალხის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხონოვსკაიას ლიეტუაში წასვლას.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ინტერესი დიდია. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ახლო სამეზობლოში ხდება?

- ჩვენ მრავალცვალებად ეპოქაში ვცხოვრობთ. XX-XXI საუკუნეების მსოფლიოც ასეთი იყო და არის. ადრინდელ მსოფლიოს დაემატა პოსტსაბჭოთა უზარმაზარი სივრცე, სადაც თითქმის ყველგან დაძაბულობაა და კრიზისის პოტენციალის შემცველი რეალობა.

როგორც ჩანს, დღევანდელი მსოფლიო არაა მზად, გამოიმუშაოს საყოველთაო სტრატეგიული გამოსავალი. იგი, განსაკუთრებით კი - დიდი სახელმწიფოები, მოძველებული პოლიტიკური მეთოდებით ცდილობენ ცალკეული დაძაბულობების კერების გაუვნებელყოფას, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ერთ-ერთი ჩაუქრობელი კრიზისის კერა ყარაბაღის საკითხია. თეორიულადაც კი ძნელია წარმოიდგინო, რა გამოსავალი არსებობს, იმ ფონზე, რომ განჭვრეტადი მომავლის პირობებში, აზერბაიჯანი არ შეეგუება ამ დანაკარგს.

რაც შეეხება ჩვენს მეორე მეზობელ ქვეყანას სომხეთს. როგორც ისტორიკოსი, აღვნიშნავ, რომ ჩვენგან, ქართველებისაგან განსხვავებით, სომეხ საზოგადოებას გააჩნია ძლიერი ისტორიული მახსოვრობა.

ათეული წლები კი არა, საუკუნეები გადის და ჩვენი მეზობელი სომეხი ხალხი არ ივიწყებს, რომ ოდესღაც სომხური სამეფოების მიწები - ყარსი, არზრუმი, ვანის ტბის ტერიტორიები, ანისი და სხვები, მისი ისტორიული ტერიტორიებია, რომელიც ოდესმე სომხეთს უნდა დაურუნდეს.

ათეული წლები კი არა, საუკუნეები გადის და ჩვენი მეზობელი სომეხი ხალხი არ ივიწყებს, რომ ოდესღაც სომხური სამეფოების მიწები - ყარსი, არზრუმი, ვანის ტბის ტერიტორიები, ანისი და სხვები, მისი ისტორიული ტერიტორიებია, რომელიც ოდესმე სომხეთს უნდა დაუბრუნდეს

ისინი ყოველწლიურად იხსენებენ სევრის ხელშეკრულებას, რომელიც ამ და სხვა ტერიტორიებს ჰპირდებოდა სომხეთს და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გავლით, შავ ზღვაზე გასასვლელს. არ ივიწყებენ და მორჩა, თანაც ამის შესახებ საუბრობენ არა მარტო ისტორიკოსები, არამედ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სახელმწიფო ჩინებიც.

- თუ ისევ ბელორუსის ამბებს დავუბრუნდებით ვნახავთ, რომ ვითარება საკმაოდ გართულებულია. ცხადია, რომ ახლა ყველა ცდილობს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. მათ შორის კრემლიც. მაგრამ, ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება პირველმა ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ბელორუსში და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება მისი შედეგები აისახოს საქართველოზე?

- ბელარუსი? სანამ რუსეთი ფეხზე დგას, არ დაუშვებს, ბელარუსში პროდასავლური ხელისუფლების მოსვლას. არც ბელარუსებს აქვთ მაინცდამაინც პროდასავლური განწყობა.

ჩვენ როგორც, უნდა ვაღიაროთ, ხელგაშვერილობას მიჩვეული საზოგადოება, უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ბატონ ლუკაშენკოსი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხრივ, ბარაქალა მას.

ისე კი, როგორც ცნობილია, რუსეთს აქაც აქვს სათავისო მაშველი რგოლი - თუ ოდესმე ბელარუსმა დასავლეთისაკენ გაიხედა, კრემლს არ გაუჭირდება ბელარუსის მოსაზღვრე რამდენიმე ოლქი დაიკავოს, მაგ., ვიტებსკის ოლქი და იქ დონბასის მაგვარი პლაცდარმი შეიქმნას.

თუ ოდესმე ბელარუსმა დასავლეთისაკენ გაიხედა, კრემლს არ გაუჭირდება ბელარუსის მოსაზღვრე რამდენიმე ოლქი დაიკავოს, მაგალითად, ვიტებსკის ოლქი და იქ დონბასის მაგვარი პლაცდარმი შეიქმნას

ასეთი „მაშველები“ რუსეთს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აქვს. უნდა ველოდოთ, რომ ნებისმიერ ასეთ რესპუბლიკაში, რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოიქცა. ამ მხრივ რუსეთის ქმედებების წინასწარმეტყველება - მარტივზე მარტივია, ისე როგორც მისი პოლიტიკა.

ასეა თუ ისე, საქართველოს ინტერესშია, ისევ ლუკაშენკო, მაგრამ ვინ არის ბელარუსი ხალხის ინტერესში, ამას თვით ბელარუსები გადაწყვეტენ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით