დავით ზალკალიანი - აშშ-სთან თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა მდგრადი დემოკრატია და გვექცია საქართველო რეგიონში დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ონლაინ კონფერენციაზე - “Georgia and its Neighborhood” სიტყვით გამოვიდა, სადაც აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, გასული თვეების განმავლობაში ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში საქართველოს აშშ და სხვა ევროპული პარტნიორები დაეხმარნენ.

„ჯანდაცვის სექტორში აშშ-სთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებისთვის,“ - განაცხადა ზალკალიანმა და ხაზგასმით აღნიშნა ამერიკული დახმარების შედეგად შექმნილი, მსოფლიო დონის, რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიის წვლილი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

თავის გამოსვლაში უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და მზაობაზე და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი, არის აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური.

„ვერაფერი ვერ მოემსახურება ურთიერთობების გამყარების მიზანს ისე კარგად, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ გავაძლიეროთ არსებული და ამავდროულად ჩამოვაყალიბოთ ახალი კავშირები“, - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, წლების მანძილზე არსებული თანამშრომლობა და კოორდინაცია დაეხმარა საქართველოს ჩამოყალიბებულიყო რეგიონში დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად.

მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი აშშ-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, სახელმწიფომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებების და პროგრესული საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ეფუძნება ევროპის საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებს და აერთიანებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობის ძლიერი სურვილი და უდიდესი ძალისხმევა, გაზარდოს საპარლამენტო პლურალიზმი და 2024 წლისთვის გადავიდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე, არის საქართველოში არჩევნების უპრეცედენტოდ სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მზადყოფნის დემონსტრირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა