ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020

რატომ იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილები? - ხალხი თვეების განმავლობაში დაგროვილს რიცხავს

"ოცნების“ დეპუტატი მთავრობას აკრიტიკებს: "შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს“

***

რატომ იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილები? - ხალხი თვეების განმავლობაში დაგროვილს რიცხავს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ივლისთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა (34.2 მლნ აშშ დოლარით) და 188.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პანდემიის დროს დიდი შემცირების შემდეგ, ბოლო ორი თვეა გზავნილების მოცულობა მატულობს, რაც ნიშნავს, რომ ევროპა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ქართველ ემიგრანტებს შემოსავალი აღუდგა. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილები? - ხალხი თვეების განმავლობაში დაგროვილს რიცხავს

"2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია. ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების მომატებულ მაჩვენებლებზე. მიუხედავად ამ ფაქტორებისა, გზავნილების მოცულობის გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საყურადღებოა ისიც, რომ ერთი თვის განმავლობაში 189 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 1 თვის რეკორდია. არასდროს ერთ თვეში ამდენი (დეკემბერშიც კი) არ შემოსულა. გარდა ამისა, რუსეთის წილი 25%-დან 21%-მდე შემცირდა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ დღევანდელი დინამიკა განპირობებული იყო იმით, რომ ადამიანები რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საქართველოში თანხების გადმოგზავნას და სწორედ ეს აისახა ამ ორ თვეში. შესაბამისად, შემდეგ თვეებში აღარ უნდა ველოდოთ იგივე მოცულობის თანხებს. ,,აქ უნდა გამოიყოს ორი ფაქტორი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ზრდის ფულად გზავნილების მოცულობას. ერთი მხრივ, ადამიანები ვერ ახერხებენ სამშობლოში ჩამოსვლას და აქ შვებულების გატარებას, რასაც ლეგალურად დასაქმებულები ყოველ წელს აკეთებენ ხოლმე და ამასთან მათ, ვისაც უცხოეთში ლეგალურად დასაქმების პირობები არ აქვთ, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გააჩნდათ საშუალება გადმოეგზავნათ თანხები. სწორედ ამ ფაქტორებითაა განპირობებული ის, რომ ზრდა ასეთი მასშტაბისაა. არა მგონია, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც მოხდა, უდავოდ დადებითი გავლენის მომტანი იქნება ეკონომიკისთვის, რადგან სავალუტო შემოსავლები გაგვეზარდა მაშინ, როდესაც ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, - განუცხადა "რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნების“ დეპუტატი მთავრობას აკრიტიკებს: "შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს“

“საკარანტინე რეჟიმის წესები ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს, იქნება ის უცხო ქვეყნის, თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ლამის ყოველ დღე იკრიბება საკოორდინაციო საბჭო და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იმსჯელონ“, - ასე აფასებს "ოცნების“დეპუტატი რევაზ არველაძე პანდემიის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნების“ დეპუტატი მთავრობას აკრიტიკებს: "შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს“

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდება, სავალდებულოა ორკვირიანი კარანტინი გაიაროს. თუმცა, ეს წესი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც კარანტინის გავლის გარეშე შეუძლია ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება. ამ რეგულაციით გამოწვეული უკმაყოფილება საზოგადოებაში საკმაოდ დიდია და ეს მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც დისკრიმინაციული, საკონსტიტუციო სასამართლოშიც არის გასაჩივრებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავიდანვე არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას. დაწესებული შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს, იქნება ის უცხო ქვეყნის, თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვა. ლამის ყოველ დღე იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ეს საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. ყველა ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში პანდემიის შედეგად. ამიტომ შეცდომად არ მინდა ჩავთვალო, შეიძლება, ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს მეტი შემხებლობა აქვს ოჯახთან, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან და ა.შ. ალბათ გათვალისწინებული იყო ტურიზმის ფაქტორიც, რომელიც დღეს კრიზისშია და მთავრობას უნდა, რომ ეს სფერო სწრაფად აამუშაოს, რომელიც თანხების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია. ანუ მკაცრი შეზღუდვის ნაცვლად, გასცა რეკომენდაცია, რომ თავშეყრის ადგილებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია იაროს პირბადით და დაიცვას დისტანცია“, - განაცხადა "რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს