ქუთაისის მერის მოადგილე - გვსურს, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით

ქუთაისის მერის მოადგილე - გვსურს, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით

გვაქვს სურვილი, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით, განვიხილოთ მათი მოსაზრებები და შეთავაზებები, - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისში, რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტი ”სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის" შემუშავებაში აქტიურ ჩართულობას გეგმავს.

"როგორც მოგეხსენებათ ფორუმი მიზნად ისახავს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა თაობის ჩართულობით ”სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის" შემუშავებას. აღნიშნული სტრატეგია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას. ჩვენ, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტი გამოვთქვამთ მხარდაჭერას და ვგეგმავთ აქტიურ ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში. განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში ახალგაზრდების თანამონაწილეობის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, მე ვისურვებდი, რომ ისინი საქართველოშიც უფრო მეტად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.

ჩემი როგორც რიგითი ახალგაზრდის და როგორც მერის მოადგილის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სწორედ ამ მიმართულებით უფრო მეტი შესაძლებლობები შეიქმნას ახალგაზრდებისათვის. ჰქონდეთ მეტი დაინტერესება, ინიციატივა და მეტი ჩართულობა სხვადასხვა პროცესებში. მიმაჩნია, რომ სწორედ მსგავსი მიდგომა გამოადგება ჩვენს ქალაქებსა თუ ქვეყანას.

ჩვენ ვართ ღია საინტერესო წინადადებებისთვის, გვაქვს სურვილი, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით, განვიხილოთ მათი მოსაზრებები და შეთავაზებები.

ალბათ, მოგეხსენებათ სულ რამდენიმე კვირაა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე და მაქვს სურვილი, რომ ვიყო ერთგვარი ხიდი, რათა ახალგაზრდობის ხმა ისმოდეს კიდევ უფრო მკვეთრად ისეთი საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკა და ეკონომიკა, აღარაფერს ვამბობ ეკოლოგის საკითხებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციებზე.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შევძლებთ საერთო აზრამდე მისვლას და ერთად დავსახავთ სამომავლო გეგმებს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება ახალგაზრდული მიმართულებები ჩვენს ქალაქში, სასარგებლო იქნება თავად ახალგაზრდებისთვისაც და ქუთაისისთვისაც.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო და შესაბამისად ახალგაზრდებისგან ველოდებით უფრო მკვეთრ ინტერესს ქალაქის და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მხრივ.

სტრატეგია, რომელიც ამ ფორუმის ფარგლებში მუშავდება, მოიცავს სწორედ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალგაზრდების განათლება და დასაქმება.

გულწრფელად მჯერა, რომ ახალგაზრდებს რეალურად ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. ვფიქრობ, დროა, თუნდაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ახალგაზრდებმა თქვან რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი სიტყვა. მჯერა, ჩვენს ახალგაზრდობას ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმებს აგრძელებს და დასავლეთ საქართველოში მესამე ფორუმს მართავს. დღეს ფორუმი ქუთაისში გაიმართა და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეები გააერთიანა.

ფორუმების მიზანია "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.

ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.