რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ეკა ხუციშვილთან ერთად გაეცნო.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულდეს.
,,სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 მლნ 300 ათასი ლარია, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ორნამენტი“ ახორციელებს. ამასთანავე, წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ყველა ბაგა-ბაღში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 1 184 465 ლარი იხარჯება, 394 934 ლარი იხარჯება ძველი კარ-ფანჯრების ახალი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით შეცვლის სამუშაოებზე“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.
დღესვე, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე #32 და #34 საბავშვო ბაღებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნენ.
რუსთავის მერიის ცნობით, #34-ე საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაციის პროცესი, აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 938 999 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ანანა“ ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ 21-ე მიკრო რაიონში 6 სააღმზრდელო ჯგუფიანი 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე ბაგა-ბაღი იქნება.
,,#32 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, პროექტის - ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში, სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაციის (NEFCO) ხელშეწყობით ხორციელდება, რომელმაც საქართველოს მთავრობას, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების თანახმად გამოუყო თანხა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსადაცვითი პარტნიორობის ფონდი, (E5P), რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა საინვესტიციო თანხა, ასევე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ.
მერიის ინფორმაციით, #34-ე საბავშვო ბაღის პროექტის საწყისი საერთო ღირებულება 500 000 ლარია. ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ბაგა-ბაღის სრული დათბუნება, იცვლება კარ-ფანჯრები, მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

























