ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაყელის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ჯაყელის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
,,ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს სერიოზული პრობლემები იქმნებოდა. შესაბამისად, დავიწყეთ სანიაღვრე არხისა და კოლექტორის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდგომ კი, ეს საკითხი მოგვარდება და მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ჯაყელისა და შანიძის ქუჩებზე, ასევე, აკაკი შანიძის მესამე ჩიხში სანიაღვრე არხებისა და კოლექტორის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი დიდაჭარის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 160 ათასი ლარი გამოიყო.

























