პრემიერი - დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, ყველამ ერთად და ისე, რომ საერთოდ საუბარიც არ იყოს მეორე ტურზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გარდაბანი, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ძლიერი მუნიციპალიტეტია, რომელიც ამარაგებს არა მხოლოდ თბილისს, არამედ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამის შესახებ პრემიერმა გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდაბნის ბიუჯეტს ქონების გადასახადიდან ძალიან სერიოზული შემოსავალი აქვს.

„დღეს, საქართველოში, ეს ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი და კუთხეა. პირველ რიგში, თქვენი შრომით მიაღწიეთ იმას, რომ გარდაბანში ბევრი რამ იცვლება. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება, ჩვენი სიძლიერეა. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველამ უნდა მივაღწიოთ და ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, გავიხედოთ წინ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა ერთად. მარტივ მაგალითებს მოვიყვან. გარდაბანი, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ძლიერი მუნიციპალიტეტია, რომელიც ფაქტობრივად ამარაგებს არა მხოლოდ თბილისს, არამედ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტშიც სერიოზული წვლილი შეაქვს. დღეს უნდა გავიხსენო, რომ ზუსტად 2013 წელს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 511 მილიონი დოლარი იყო, 2019 წელს, 900 მილიონამდე ავიდა - ფაქტობრივად გავაორმაგეთ. ეს, ჩვენი, ყველას ერთობლივი და პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაბანში, 2012 წლის შემდეგ 2 უმსხვილესი თბოელექტროსადგური აშენდა, რომლის დადგმული სიმძლავრე 461 მგვტ-ია, რაც 410 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდაბნის ბიუჯეტს ძალიან სერიოზული შემოსავალი აქვს ქონების გადასახადიდან. მე გაგახარებთ, რომ ჩვენ ვიწყებთ მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც დაახლოებით 200 მგვტ სიმძლავრის იქნება და გარდაბნის მუნიციპალიტეტს კიდევ დაემატება შემოსავალი, რომელსაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ეფექტურად იყენებს. ეფექტურად იყენებს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, გარდაბანში, ძირითადი სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს, გზები მოწესრიგებულია, ძირითად სოფლებთან დამაკავშირებელი გზები მოწესრიგებულია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც დაწყებულია და ეს, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, სერიოზული პრობლემები გვაქვს წყალმომარაგებაში, მაგრამ ეს პროცესები გრძელდება. წლების განმავლობაში, მაგალითად კუმისის წყალმომარაგება იყო პრობლემა, ეს პროცესი დაწყებულია და დასრულდება. საირიგაციო, სარწყავი წყლები არის ნაწილობრივ პრობლემა და ესეც დაწყებულია და უნდა გავაკეთოთ. არავინ ამბობს, რომ ჩვენ ვართ შეუცდომლები, მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ რეგიონში, ქალაქში, დაბაში, მუნიციპალიტეტში და სოფელში. ზუსტი გეგმა გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. არ ვამბობთ იმას, რომ პრობლემები არ არის. არის პრობლემები, მაგრამ გუნდია, რომელმაც ეს პრობლემები იცის, სად არის და როგორ უნდა აღმოფხვრას. ეს არის, რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა დღეს არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ქვეყანაში განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს სახელმწიფომ ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გახადონ.

„ეს შრომა, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენს ბავშვებს მივცეთ უკეთესი განათლება და გავატაროთ სისტემური რეფორმა განათლებაში. ჩვენი მოხუცები და პენსიონერები იყვნენ უფრო დაფასებულები. ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლოთ და სახელმწიფომ შეუქმნას პირობები, რომ თვითრეალიზებით არჩინონ თავიანთი ოჯახები და ხვალინდელი დღე გახადონ უკეთესი, ვიდრე იყო დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი და თქვენ ყველანი კარგად ხედავთ, რომ გზები, ის სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელიც საბაზისოა - გზა, წყალი, გაზი - ეს ყველაფერი დღითიდღე კეთდება და ყოველდღე არის უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობამ ისეთი პროგრამები შექმნა, სურვილის შემთხვევაში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა ყველა მოქალაქეს რომ ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, დახმარება სჭირდება ჩვენს გლეხს, რომელიც უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი. ჩვენ უკვე გავაკეთეთ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც აძლევს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას, რომ თუ მას უნდა, დაიწყოს ბიზნესი, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ყველა პირობა, რომ მან ბიზნესში პირველი ნაბიჯი გადადგას და თავისი საქმე დაიწყოს.

ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", აღარ მოგიწევთ თბილისში ჩასვლა, აქ, გარდაბანში, იუსტიციის სახლში შეძლებთ, მიიღოთ ყველა ის მომსახურება, რომლისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, გევლოთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ვისაც აქვს ინიციატივა, იცოდეთ, რომ სახელმწიფო დაგიდგებათ გვერდით და ყოველთვის შექმნის თანაბარ და სამართლიან პირობებს ყველასთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს გახარიამ აღნიშნა, რომ ზაურ დარგალი არის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ხალხის ხმის ღირსეული წარმომადგენელი იქნება.

„სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ამ სამართლიანობისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანი წარმოადგენს თქვენს ხმას საქართველოს პარლამენტში და ზაურ დარგალი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ღირსეულად შეუძლია წარმოადგინოს თქვენი ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, არჩევნების დღეს, ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, ყველამ ერთად და ისე, რომ საერთოდ საუბარიც არ იყოს მეორე ტურზე. გამარჯვებას გისურვებთ!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა