აჭარაში გიდებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცათ

აჭარაში 100 გიდს კორონავირუსისგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს გიდების მხარდაჭერის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთხოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს.

მათივე ინფორმაციით, გიდების მხარდაჭერის პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის, თინათინ ზოიძის განცხადებით, პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე.

„პანდემიის პირობებში ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით გიდებთან, რომლებიც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე აქტიურად საუბრობდნენ. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ გიდებს ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ესაჭიროებოდათ აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა და ტრენინგები.

ისინი ასევე, საუბრობდნენ ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველა ეს საკითხი დაამუშავა, მიმართა დონორ ორგანიზებს და აამოქმედა გიდების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება სხვადასხვა პროექტი.

პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე. ახლა კი მათ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ. შემდგომ ეტაპზე უკვე ვგეგმავთ მათ ჩართვას დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში. დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ მათი დროებითი დასაქმების პროგრამაზეც, რათა შევამციროთ ის დანაკარგები, რაც მათ პანდემიის პირობებში მიადგათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა