სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მესტიის მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში დაზიანებულია ადიშთან დამაკავშირებელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი. სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა.
მათივე ცნობით, საპრევენციო სამუშოები ასევე ჩატარებულია და გზა გახსნილია ლენჯერის და მულახის თემებშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის სოფლებში პრობლემები გუშინ შეიქმნა, ადიდებულმა მდინარეებმა და წარმოქმნილმა ღვარცოფებმა ძირითდად პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურას შეუქმნა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.

























