ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა ფუძნდება

ფოთში, ევროკავშირის მხარდაჭერით, „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს - მუნიციპალიტეტში „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ფუძნდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ხორციელდება „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში იქმნება სრულიად ახალი ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის - ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის წახალისებასა და სათემო პრობლემების კვლევის აქტუალიზებას.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი რამდენიმე სასწავლო მოდულისაგან შედგება და სკოლაში მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ კვალიფიციური ლექტორებისა და დარგის სპეციალისტების დახმარებით მიიღონ თეორიული ცოდნა, რომელსაც სკოლის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე პრაქტიკული დავალებების შესრულებით გაამყარებენ.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ხორციელდება „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით და 16-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ფოთში და ამავე დროს, დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით, შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. პროექტში მონაწილეობა უფასოა და აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 5 სექტემბერია.
პროექტის განხორციელების ვადებია 2020 წლის 21 სექტემბერი - 2020 წლის 20 დეკემბერი.

























