სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა დასრულდა

სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა დასრულდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშთან მისასვლელი, დროებითი გზის მოწყობის სამუშოები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო - ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსახლეობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა აქვს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.

სტიქიამ სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი გზა გუშინ, 22 აგვისტოს დააზიანა, რის გამოც სოფელი ჩაიკეტა, წყალმა მთლიანობაში გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

„სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა. საპრევენციო სამუშაოები 22 აგვისტოსვე ჩატარდა ასევე, ლენჯერის და მულახის თემებშიც. ძლიერმა წვიმამ მესტიის სოფლებში მდინარეების ადიდება და ღვარცოფი გამოიწვია, რასაც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.