დავით ბაქრაძემ ქედაში ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე  წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, ქედაში ამომრჩევლებს შეხვდა და ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო ხედვა გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს აჭარის მოსახლეობას მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვს, მთავრობის რეგულაციებმა თურქეთში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით კი, ეს პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის იქნება ხულოს და მთლიანად აჭარის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

„მე ვიქნები აჭარის ხმა პარლამენტში, ჩვენი წინამორბედები არ ჩანდნენ პარლამენტში, არავის არაფერი არ უთქვამს ამ ადამიანების გაჭირვების შესახებ, ზოგადად მსურს, რომ ვიყო ამ საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელი. ჩემი წარსულიც ამის კარგი დასტურია, რომ მე ამ რეგიონს ძალიან კარგად წარმოვადგენ“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

დავით ბაქრაძის თქმით კი, მთავრობის გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია.

„ყველა არსებულ პრობლემასთან ერთად, ძალიან მძიმე პრობლემა დააწვა ქედას და მთლიანად აჭარის მოსახლეობას, რაც თურქეთში გადასვლის შეზღუდვაა. ეს იყო ის ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანები არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. სრულიად გასაგებია კორონავირუსი და პანდემია, თუმცა სრულიად გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ცნობის საფუძველზე გაუშვას ადამიანები თურქეთში. მძიმე ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია და საზოგადოებაში არსებობს ცალსახა განწყობა ცვლილებების სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს, ჩვენი საზოგადოება, ქედელებიც, აჭარლებიც და მთლიანად საქართველოც აუცილებლად მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა