„რეფორმერი“ - პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას, ვინც 11 წლის მოზარდი მოძალადის ხელში დავტოვეთ

"რეფორმერი" თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდის ტრაგედიას ეხმაურება და ქვეყანაში ბავშვთა ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე აცხადებს, ამ შემთხვევაში მარტო ერთი სექტორის პასუხისმგებლობა არ იკვეთება, ესაა მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობა, სადაც ძალადობა, სამწუხაროდ, სოციალურ ნორმად არის მიჩნეული.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენს საზოგადოებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე უწევს ცხოვრება, განსაკუთრებით მძიმეა თერჯოლის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედია. სტატისტიკის მიხედვით, გახშირებულია ბავშვთა ძალადობის ფაქტები.

სამწუხაროდ, დღეს ბავშვები ძალადობის პირისპირ არიან დარჩენილები და სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ამ პრობლემის გადასაჭრელად. აქ იკვეთება ყველა სექტორის პასუხისმგებლობა, საზოგადოებაში სოციალურ ნორმად მიჩნეული ძალადობა ჩვენი უმთავრესი პრობლემაა.

ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა გაეროს ბავშვთა კონვენციის ძირითადი პრინციპებია. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ეფექტური პრევენციული მექანიზმი ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა რეალურად ეს არ კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი. 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მამა ბავშვს აწამებდა და ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არავის გამოუჩენია თანაგრძნობა, რაც ამ ტრაგედიას აგვარიდებდა თავიდან. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც 11 წლის მოზარდი მოძალადის ხელში დატოვა“,-განაცხადა ანა ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ანი ჯაფარიძე აცხადებს, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ბავშვთა ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„ბავშვთა უფლებების დაცვა უნდა გახდეს სახელმწიფოს პრიორიტეტი. "რეფორმერის" ხედვით, უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების შეცვლა ამ პრობლემის მიმართ, უნდა შეიქმნას ძალადობაზე რეაგირების მძლავრი მექანიზმი, გამკაცრდეს სასჯელი მსგავსი ფაქტების დაფარვის და შეუტყობინებლობის შესახებ. უმთავრესია, თავად ბავშვთა განათლება ამ მიმართულებით, ბავშვებმა უნდა იცოდნენ რა არის ძალადობა, რა არის მათი უფლებები, ვის შეატყობინონ ძალადობის შემთხვევაში. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს არც ერთი ბავშვი, რაც უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების როლი, ეს სამსახური უნდა გახდეს პრიორიტეტული და ქმედითი. უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა, ადამიანებს უნდა სჯეროდეთ რომ მათი რეაგირება მოიტანს შედეგს, რომ ეს ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. ჩვენ მალე წარვადგენთ პროგრამას, სადაც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გვაქვს სტრატეგია შემუშავებული", - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი ანი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა