„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარტიის ლიდერები სოფელ ღვევში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

კახა კუკავას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრები გრძელდება.

„თავისუფალი საქართველო“ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით იბრძვის, არამედ რეალურ ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა ნეოლიბერალიზმის გავლენებისგან გათავისუფლდეს, ხოლო ხალხს მიეცეს რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების ღირსეული საშუალება.

ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს ქვეყანაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, თუმცა სამარცხვინოა რაიმე მიღწევაზე საუბარი, როდესაც ხალხს ელემენტარული დასალევი წყალიც კი არ მიეწოდება, აღარაფერს ვამბობ სარწყავ წყალზე. ამ სოფელში ადამიანები დღემდე ბუნების წყალობის იმედად არიან დარჩენილები, რომ იქნებ წვიმა მოვიდეს და ნიადაგმა გამოცოცხლება დაიწყოს. საქართველო წყლის რესურსების ქვეყანაა, თუმცა უუნარო ხელისუფლებას მოსახლეობამდე წყლის მიყვანა 21-ე საუკუნეშიც არ შეუძლია“,- განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, დაუყონებლივ უნდა დასრულდეს ქვეყნის გასხვისება.

„ჩვენ, ყველა ტურისტსა და ვიზიტორს მივესალმებით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, ამ ქვეყნის მოქალაქეა მასპინძელი და ის საკუთარ სამშობლოში სტუმარი არასოდეს იქნება. გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს მევახშეობაც, რომლის შედეგადაც საქართველოში, უკვე ახალი სახის დევნილები გაჩდნენ. ადამიანებმა კაბალური საფინანსო პირობების გამო, საკუთარი სახლები დაკარგეს და დღეს ბედის ანაბარად არიან დარჩენილები. თუ ჩვენი ამომრჩეველი საპარლამენტო მანდატს მოგვანიჭებს, ერთ-ერთი პირველი, რის ინიცირებასაც პარლამენტში მოვახდენთ, ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა იქნება“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მანვე მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება „იაფი მედიკამენტების“ პროგრამაზეც გაამახვილა.

„თავისუფალი საქართველო“ აქტიურად განაგრძობს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებენ. ჩვენ რამდენიმე წელია, უკვე ამ კამპანიას ვეწევით. იმ დროს, როდესაც საქართველოში მოქმედი ფარმამონოპოლისტები მოსახლეობას მკურნალობაში ბოლო თეთრს ართმევენ, ჩვენ ალტერნატიული გზები გამოვნახეთ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტს სამ და ოთხჯერ უფრო იაფად ვაწვდით ადამიანებს და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ“,- აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

„თავისუფალი საქართველოს“ მხარდამჭერებთან შეხვედრები რეგიონებში, მომავალშიც გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს