გიგი წერეთელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

“ევროპული საქართელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის განცხადებით, გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და სიღარიბე იმ პრობლემების ნაწილია, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილიკაურში, ფუთში, საქარაში და ცხრაწყაროში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
„თითქმის ყველა სოფელში წყლის პრობლემა და მოუწესრიგებელი გზებია, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, დროულად ვერ ხერხდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. ის, რომ აღნიშნული პრობლემები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში წლებია ვერ მოგვარდა, ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის შედეგია,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეხვედრებზე მან მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ პრიორიტეტები გააცნო, მათ შორის, ბიუროკრატიის შემცირება, ხარჯების სწორად დაგეგმვა, სასამართლო რეფორმა, გადასახადების შემცირება, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა და მიწის რეგისტრაციის მოწესრიგება.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ დაუშვებელია ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, ასევე სახელმწიფო დახმარების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე იქნება მკაცრი კონტროლი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

























