აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ქობულეთში, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდა, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას სესხების გადავადების მოთხოვნით მართავდნენ. როგორც მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, სხვადასხვა საბანკო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გადაიჭრება.
"სახელმწიფო არც ერთ თქვენგანს და არც ერთ ჩვენ მოქალაქეს, მითუმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში არ მიატოვებს. ყველანაირად დაგიდგებით გვერდით, ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი. მინდა ყველამ იცოდეს,რომ მარტო არ ხართ. ყველა დონეზე ინფორმირებულია ხელისუფლება, ჩართულია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ასევე აჭარის მთავრობა და რა თქმა უნდა, ცენტრალურ დონეზე არიან ინფორმირებული. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება ნებისმიერი საკითხის მოგვარება. ასეთ რთულ ვითარებაში, ისედაც ყველა დაძაბულია, ყველა ნერვიულობთ, მე მინდა ერთი მთავარი რამ ვთქვა, რაც თქვენც და ჩვენც ყველას დაგვეხმარება, არავითარ შემთხვევაში არ გავხდეთ ვიღაცის ინტერესების მსხვერპლი", -განაცხადა აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონებმა "ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს.
შეკრებილების განცხადებით, პანდემიის დროს დაზარალდნენ, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტამ კი ტურისტული სეზონი ჩააგდო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ბანკში სესხების გაყინვა ან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება მოხდეს.

























