თორნიკე რიჟვაძე - ბათუმელებს წარვუდგინეთ ორი ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომლებიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ

ბათუმელებს წარვუდგინეთ ორი ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომლებიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და "ქართული ოცნების" კანდიდატებზე - რესან კონცელიძესა და ტიტე აროშიძეზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველივე ტურში ბათუმი სამართლიან და სწორ არჩევანს გააკეთებს.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანთან ერთად ბათუმელებს წარვუდგინეთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებიც შესაბამისად იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში. დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში ბათუმი გააკეთებს სამართლიან, სწორ არჩევანს და ეს ორივე კანდიდატი მოიპოვებს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს ხვალინდელი დღისათვის", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში მმართველი გუნდის სახელით საპარლამენტო არჩევნებზე რესან კონცელიძე იბრძოლებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ტიტე აროშიძე იქნება.

























