„მოძრაობის თეატრი“ 17 - სართულიანი სახლის სახურავზე პრემიერას გამართავს

31 აგვისტოს 1, 2 სექტემბერს, „მოძრაობის თეატრი 17 სართულიანი სახლის სახურავზე პრემიერას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს, პოსტპანდემიურ პერიოდში, საპრემიერო სპექტაკლი „ლიზას ტორტი“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. იოსებ ბაკურაძის „ლიზას ტორტს“ მაყურებელი კალისტრატე ქუთათელაძის #17-ში მდებარე 17 სართულიანი სახლის სახურავზე იხილავს.

მათივე ცნობით, პრემიერა 20:00 საათზე დაიწყება და სპექტაკლის მთავარ დეკორაციად მზის ჩასვლის ულამაზესი პეიზაჟი იქცევა, სახურავიდან დანახული თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე.

რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის განმატებით, ამ სპექტაკლით სურდა გამოხმაურებოდა იმ მტკივნეულ თემებს, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს, გულგრილობა, დანაშაულის დაფარვა და სხვა მსგავსი საკითხები.

მისივე თქმით, ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, არც სიმართლეს, არც მოსამართლეს და არც სასამართლოს, მთავარი ყოველთვის წესრიგია.

„ახლა როცა თეატრი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა და ბუნდოვანია მისი მომავალი, მთავარი არის ცოცხალი პროცესი შედგეს მსახიობსა და მაყურებელს შორის. ვერანაირი აკრძალვა და რეგულაცია ვერ მოერევა თეატრალურ სფეროს. როგორც შექსპირი ამბობს-მთელი სამყარო თეატრია. პრემიერა მაღალ სართულიანი შენობის სახურავზე გაიმართება, საიდანაც მთელი თბილისი მოსჩანს, განსაკუთრებით ნუცუბიძის პლატო, ამ ადგილიდან ისე ლამაზად ჩანს, თბილისს მანჰეტენიც კი შევარქვი. როდესაც ფრანკომ დიდი ესპანელი რეჟისორი ლუის ბუნუელი ესპანეთიდან გააძევა, ნიუ-იორკში ცხოვრებისას თავის ცხოვრების უკანასკნელ წლებში თქვა, ოცნება მაქვს პორნოგრაფია გადავიღო ნიუ-იორკის რომელიმე ცათამბჯენზეო. ცათამბჯენი და პორნოგრაფია არა, მაგრამ რეგულაციების გამო, სანამ ღია სივრცეში უნდა დავდგა სპექტაკლი, სჯობს ქალაქის თავზე დაიდგას “, - განაცხადა იოსებ ბაკურაძემ.

„ლიზას ტორტი“ პირველი სპექტაკლია, რომელსაც მოძრაობის თეატრი პოსტპანდემიურ პერიოდში, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს