ტყიბულში მეშახტის დღე აღნიშნეს

კომპანია „საქნახშირის" ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილი გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

„საქნახშირის" ინფორმაციით, კომპანიის გენერალური დირექტორი, ზურაბ აღდგომელაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მერი, თემურ ჩუბინიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბეჟან წაქაძე მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალთან იმყოფებოდნენ და ყვავილებით შეამკეს.

„დღევანდელი დღე სიმბოლურად მეშახტეების შრომის დიდების მემორიალთან დავიწყეთ. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც შახტები დააარსა და მათ მიმართ, ვინც დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეშახტეებს, პროფესიონალიზმისთვის და იმ საქმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ თავისი ოჯახებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ აღდგომელაშვილმა.

„ტყიბულში მეშახტის დღეს აღნიშნავენ. მინდა, ყველა მეშახტეს მივულოცე პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რაც მათ ამ დარგის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასებული იყოს და კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“,- აღნიშნა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

ამასთან, „საქნახშირის" ინფორმაციით, ამავე დღეს, ტყიბულის ქართული ჭიდაობის არენაზე, ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც დაესწრო.

„მოგვიანებით ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა დაიწყო - გაიმართა ქუჩის თეატრის კოსტიუმირებულ წარმოდგენა, მოეწყო უფასო საბავშვო ატრაქციონები და გაიმართა ხატვის კონკურსი. ხატვის კონკურსის თემა იყო „ჩემი ქალაქი და მეშახტეები.“ პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს „საქნახშირმა“ ფულადი პრიზი გადასცა. თავისი ფავორიტი ნამუშევრები გამოავლინა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამაც და მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დააჯილდოვა. ბავშვთა გასართობი ღონისძიებების პარალელურად, ტყიბულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა და ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგნენ. მოგვიანებით კი, დასკვნითი კონცერტი გაიმართა. თერჯოლისა და ტყიბულის მეუფემ, მამა გიორგიმ მეშახტეები დალოცა. ღონისძიებაზე „საქნახშირმა“ მეშახტეები მადლობის სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა, დამსახურებების მიხედვით მოხდა 32 მეშახტის შერჩევა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ნიაზ დიასამიძე და 33ა, გორდელა, REGGAEON და გაგა ჩიხლაძე. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა",-აღნიშნულია "საქნახშირის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა