„თავისუფალმა საქართველომ“ ზემო იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ზემო იმერეთში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად როსტომ ცარციძე წარადგინეს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება და ამ პროცესების განვითარებას „თავისუფალი საქართველო“ ხელს აქტიურად შეუწყობს.

„ჩვენი მხარდამჭერები საქართველოს ყველა რეგიონში არიან, მათ შორის ამ ულამაზეს კუთხეში, ამიტომაც ჩვენი ამომრჩევლების წინაშე დღეს წარვადგენთ ადამიანს, რომელიც მზად არის ზემო იმერეთის მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას და მთელი თავისი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოახმაროს “,- განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ამომრჩეველმა, დღეს არსებული ხელისუფლება სახლში უნდა გაუშვას.

„ხელისუფლება, რომელიც საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და ხალხს, წინასაარჩევნოდ, მხოლოდ კარტოფილითა და ბოსტნეულით უმასპინძლდება, სახლში უნდა წავიდეს. ის, რაც ქვეყანაში ხდება, სწორედ მათ სინდისზეა. ხალხი ქვეყნიდან გარბის, ვინც ქვეყანაშია დარჩენილი კი, უმუშევრობას განიცდის და ყოველ დღე ღარიბდება, სამაგიეროდ „ქართულ ოცნებას“ თავისი აქტივისტები ჰყავს დასაქმებული, რომლებიც ხელფასებსა და ფინანსურ დანამატებს უსაქმურობაში იღებენ “,- განაცხადა წულაიამ.

„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატობის კანდიდატმა როსტომ ცარციძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ძირითადი პრობლემა ის განუხორციელებელი დაპირებებია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან თავის დროზე უხვად გაიცა, თუმცა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

„მასობრივი უმუშევრობა და უიმედობაა ქვეყანაში. კვლავ მოუგვარებელია სასმელი წყლის, გზების სისტემები, რეგიონი მოსახლეობისგან იცლება, განსაკუთრებით კი, მშობლიურ მხარეს ახალგაზრდები ტოვებენ იმის გამო, რომ მათ აქ ცხოვრებისა და განვითარების თითქმის არანაირი პერსპექტივები აღარ გააჩნიათ“, - განაცხადა როსტომ ცარციძემ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თამარ ფაჩულიას ფოთში წარადგენს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა