ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში სულ ახალ კორონავირუსზე 5000-მდე PCR ტესტი აიღეს.
როგორც ნინო ვიბლიანი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.
„მესტიის მუნიციპალიტეტში ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, სიტუაცია სტაბილურია. საბედნიეროდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაგვიდასტურდა.
სოფლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, ჩატარებულია 5000-მდე PCR კვლევა, მათ შორის, 1500-მდე არის განმეორებითი ტესტირება. მესტიის მუნიციპალიტეტი დღეიდან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“,-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან, 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 10 აგვისტოს ჩაიკეტა.

























