გიგი უგულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭკადუას მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭკადუას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივებს მრავალი პრობლემა აწუხებთ, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
მისივე თქმით, მთავრობა მოსახლეობას თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე წასვლის საშუალებას აღარ აძლევს.
უგულავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ აგროპროდუქტზე. მისი თქმით, თხილი არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი რეგიონისთვის და მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივებს, რათა მათი პროდუქტი გახდეს კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე.
„სამეგრელოსთვის თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროპროდუქტია და შესაბამისად, მეტი ყურადღებაა საჭირო იმიტომ, რომ უამრავი ოჯახი არის ჩართული ამ ბიზნესში. უკანასკნელ წლებში ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა რეგიონს. ფაროსანა წელსაც პრობლემაა, თუმცა არა იმ მასშტაბის. ახლა მთავარია, რომ ყველამ, ვინც ამ საქმეშია ჩართული, გავაცნობიერთ ის, რომ აუცილებელია შეწამლვა და მოვლის ის სტანდარტი, რომელიც შემდეგში ამ პროდუქტს გახდის კონკურენტუნარიანს, რადგან მსოფლიოში დიდი კონკურენციაა. რაც მთავარია, ფასმა უნდა აიწიოს, ხოლო ამისათვის საჭიროა, რომ გაიზარდოს ხარისხი.
ჩემი აზრით, ძალიან დიდი პოტენციალია აქ, სამეგრელოში, ისევე როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოში და მეტი ყურადღებისა და ხელშეწყობის პირობებში, მეტი თავისუფალი ბაზრის ხელშეკრულების პირობებში, ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში და ნახოს შემოსავალი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სწორედ ეს უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხალხს პოსტპანდემიურ პირობებში გამოკვება სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ მეტი ძალისხმევა და ყურადღება გვმართებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩავუკეტოთ ადამიანებს საზღვრები, რადგან მრავალი ადგილობრივი სამუშაოდ თურქეთში გადადის სამუშაოდ, სეზონურ სამუშაოზე და მთელი წლის შემოსავალს იქ შოულობს. სინამდვილეში, ეს იყო ერთადერთი შემოსავალი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. დღეს მთავრობამ მათ გზა ჩაუკეტა და პრაქტიკულად აწვალებს, ატყუებს და თან ეუბნება, რომ უშვებს, მაგრამ სინამდვილეში არ უშვებს. ჩვენ თუ დროზე არ მივხედეთ საქმეს, მივიღებთ კატასტროფას ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთ საქართველოში,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

























