გიორგი გახარია - ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების" ყურადღების ცენტრში

ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების" ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და, ასევე, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

„ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და განსაკუთრებით ქართლში, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი დევნილები და ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის მიღმა. ჩვენ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული ოკუპაცია არის ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და სახელმწიფო მილიარდობით ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მიუხედავად პანდემიისა, მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა ქვეყანაში ერთი დღით არ შეჩერებულა და რისი შედეგიც გახლავთ ის, რომ უპრეცენდენტო რაოდენობის, 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალური გზა წელს შევა მწყობრში, რაც რა თქმა უნდა, მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ, მათი კომფორტი შევქმნათ და რა თქმა უნდა, ქალაქების ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი.

ასევე, მინდა გითხრათ და ერთგვარად, ბოდიშიც მოვიხადოთ ხაშურელების წინაშე, რომ გაგვიგრძელდა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები წლებია დგას, მაგრამ გპირდებით, რომ ეს უახლოეს პერიოდში დაიწყება და სრულიად რეაბილიტირებული იქნება ხაშურის, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემა და შეიქმნება გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ქალაქ შეეფერება.

ყველამ იცით, რომ მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ბანას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს, ჩვენ ვნახეთ, ეს არის გვირგვინი, რომელიც ხაშურს ადგას თავზე და რომელიც აქ შექმნის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს და მისცემს შესაძლებლობას რეგიონს, შეასრულოს ის, რაც კახიმაც თქვა, ეს არის საქართველოს შუაგული. რა თქმა უნდა, ეს გზაჯვარედინი, რომელიც აქ არის, ამას ისტორიული დატვირთვაც აქვს და რეალური დატვირთვაც აქვს, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ კულტურულიც, მათ შორის.

ყველას კარგად გვახსოვს ხაშურის ინდუსტრიული ფუნქციაც და ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ. ხაშურის სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობა. ეს ის მუნიციპალიტეტია, რომელმაც ინდუსტრიული პროდუქტებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რა თქმა უნდა, თბილისი უნდა მოამარაგოს, პირველ რიგში,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების მხარდასაჭერად ახორციელებს, მათ შორის, გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე - „აწარმოე საქართველოში" და „სახელმწიფო - შენი პარტნიორი". მისივე თქმით, ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების" ყურადღების ცენტრში.

„ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა გავაგრძელოთ. „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს ხაშურში. ჩვენ დავნერგეთ სიახლე. „აწარმოე საქართველოში", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბევრ კარგ პროგრამას ქმნიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა, რისკი, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, მიეხმაროს. ამისთვის გვჭირდებოდა თბილისში ჩასვლა და სხვადასხვა სამინისტროში სიარული. დღეს ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორი" და ეს ყველაფერი იქნება თქვენთან, აქ, ქალაქში და მთლიანად გაიშლება გეოგრაფიულად საქართველოში. ადამიანს შეეძლება, მივიდეს საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის სახლში და მიიღოს სრული ინფორმაცია იმ დონემდე, რომ კონტრაქტიც კი გააფორმოს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობა. ხაშურში მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა ხაშურში, თელავში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარი მაღალი ხარისხის განათლებას უნდა იღებდეს. ეს არის ის ამოცანა, რომელიც გვიბიძგებს მაღალი მიზნისკენ და რამაც უნდა შეგვასრულებინოს ჩვენი ძირითადი მოწოდება - ადამიანი. ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების" ყურადღების ცენტრში," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით - ეკონომიკის, თავისუფლების, ღირსების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ კეთილსინდისიერი, ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი შემდგომი 4 წლის სამოქმედო გეგმა. ყველა მიმართულებით - ეკონომიკის, თავისუფლების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ შრომით და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატება ადრე თუ გვიან იქნება მათი წარმატებაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება და კეთილდღეობა იქნება ცენტრში, რომელიც მიმზიდველს გახდის მათთვის ერთიან სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხაშურს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ზაზა დუგლაძე არის ღირსეული ადამიანი, ამ კუთხის შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ხაშურელების ღირსეული და ეფექტური ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა, მას წარმატება ვუსურვო და მინდა ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)