ეროვნული ბანკი - სავალუტო ფონდის შეფასებით, არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა

"ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება", - ასე აფასებს საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეფასების დოკუმენტში, რომელიც ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადდა და დღეს გამოქვეყნდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს გასული წლის ნოემბერში სტუმრობდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის პრუდენციული რეგულირება და ზედამხედველობა.

„ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია“, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.

მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემთა შეგროვების, დისტანციური ზედამხედველობისა და ადგილზე შემოწმების პროცესები, რის შედეგადაც გაძლიერდა არასაბანკო სექტორის საზედამხედველო ჩარჩო.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები და გაიზარდა გამჭვირვალობის სტანდარტი. არასაბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეროვნული ბანკის რეგულირების წესები და საზედამხედველო ჩარჩო შესაფერისია და ხელს უწყობს სექტორის რეპუტაციის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რისკები და სექტორი საგრძნობლად გააჯანსაღა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის პუნქტებს, ისე ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. სწორედ სექტორის გაჯანსაღებამ მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიკვიდობის მხარდამჭერი პროდუქტები შეექმნა. 2-3 წლის წინ - სექტორის რეგულირების არქონის პირობებში - ეს შეუძლებელი იქნებოდა.

„მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს როგორც ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებას, ისე სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის“, - აღნიშნულია შეფასების დოკუმენტში.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა