პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" იმერეთის ოთხივე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი დავით შალამბერიძე იქნება.

„დავით შალამბერიძეს ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ზესტაფონში აქვს გატარებული და არის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დავითი წლების მანძილზე საკალათბურთო კლუბ „სპარტაკის" წევრი იყო, სპორტული კარიერის შემდგომ კი სწავლა პეტერბურგში ენგელსის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო. დღეს, დავით შალამბერიძე წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც ემსახურება არაერთ კეთილ საქმეს. მან ასეულობით ოჯახს გაუწია დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციების, სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსების კუთხით. ამასთანავე, დავით შალამბერიძე აქტიურად ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მათ არ უწევდეთ უნივერსიტეტებში სწავლის შეწყვეტა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში მაჟორიტარობისათვის მედიკოსი ნინო ბრეგვაძე იბრძოლებს.

„მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბრეგვაძე წარმოშობით ჭიათურიდანაა. მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, ნინო ბრეგვაძე გახლავთ კოალიციური არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის საქართველო" დამფუძნებელი, რომელშიც საქართველოს 7 რეგიონის მასშტაბით 1700 წევრია გაერთიანებული და რომლის შემადგენლობაშიც შედის აფხაზური და ოსური ორგანიზაციები. ნინო ბრეგვაძის ძალისხმევითა და თანადგომით არაერთმა ოჯახმა მოიპოვა სოციალური სტატუსი, ქირურგიული ოპერაციებისა და მედიკამეტების დაფინანსება. 40 ეკომიგრანტისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემაც მის სახელს უკავშირდება. ნინო ბრეგვაძე დღესაც უანგაროდ მუშაობს მოხუცთა თავშესაფარში„იმედის ექო", რომელშიც 45 მოხუცებული ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამტრედიის, საჩხერის, ვანისა და ხონის ოლქში პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ჩიქოვანი იქნება.

„სამტრედიის, საჩხერის, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარის მანდატისათვის იბრძოლებს მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩიქოვანი. კანდიდატი სამტრედიაში, ექიმების ოჯახში დაიბადა. ალექსანდრეს მამა - თემურ ჩიქოვანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა იმერეთის რეგიონს. თავად ალექსანდრე ჩიქოვანმა განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, სწავლის დასრულების შემდგომ კი მოღვაწეობდა მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში. ალექსანდრე ჩიქოვანი აქტიურად მონაწილეობდა სოციალური დახმარების პროექტებში. შემდგომ მან სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ ნაციონალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ,,უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში'' ორგანიზების მართვის დარგში. ალექსანდრე ჩიქოვანი მედიცინისა და ბიზნესის მართვის მიმართულებებით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიამ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი წარადგინა.

„თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის საზოგადოებისათვის ცნობილი, გამორჩეული ხელოვანია, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაიცავს როგორც ქუთაისელების, ასევე ქვეყნის მასშტაბით კულტურის მოღვაწეთა ინტერესებს. დღეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილისსახელობის დრამატულ თეატრს. თორნიკე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულმა სპექტაკლებმა არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მის სახელს უკავშირდება როგორც ქუთაისში, ასევე ხონის, ვანის, წყალტუბოსა და იმერეთის მასშტაბით მოქმედ თეატრალურ სცენებზე დადგმული წარმოდგენები. თეატრალური მოღვაწეობის პარალელურად, 2007-2010 წლებში, თორნიკე მარჯანიშვილი იყო ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი (უპარტიო) მაჟორიტარი დეპუტატი”, - ნათქვამია ინფორმაციში.

მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად თავაძემ წარადგინეს.

პარტიის თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მთავარი პრინციპია, საზოგადოებას შესთავაზოს ღირსეული, განათლებული კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ და იქნებიან მათი ღირსეული წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა