„ღამის სერენადები 2020“ დასრულდა

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები 2020“ 4 სექტემბერს თბილისში გამართული დასკვნითი კონცერტით დასრულდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა და პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ.

მათივე ინფორმაციით, დასკვნით ღონისძიებაზე აჟღერდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის – ფუგა D-დურ , ოპ. 137, ფრანც პეტერ შუბერტის – უვერტიურა იტალიურ სტილში, სანდრო ნებიერიძის – კონცერტი Nო. 2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის, ანტონინ დვორჟაკი ნოქტურნი, ოპ. 40. და ლეოშ იანაჩეკის – სუიტა სიმებიანი ორკესტრისთვის.

„ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის 4 სექტემბრის კონცერტი, რადგან სწორედ ამ საღამოთი ჩვენ ერთმანეთს მომდევნო წლამდე დავემშვიდობეთ.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს კლასიკური მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ქალაქ ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნა, შემდეგ კი საკონცერტო საღამოებმა ტრადიციულად თბილისში გადმოინაცვლა. 2 და 4 სექტემბერს გაიმართა დაუვიწყარი საღამოები, რომლებიც ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პრემიერებით იყო გაჯერებული.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ბრწყინვალე სოლისტებს თამარ ლიჩელს, სანდრო ნებიერიძეს, ელენე შავერზაშვილს, ლიზა ჩხაიძეს; გია ყანჩელის სახელობის სიმებიან კვარტეტს; ჩვენს შესანიშნავ საბაზო ორკესტრს “საქართველოს ვირტუოზები“.

კომპოზიტორებს გიორგი შავერზაშვილს, ვახტანგ მაჭავარიანს, სანდრო ნებიერიძეს, ჯიმშერ ჩხაიძეს.

მადლობას ვუხდი ფესტივალის თითოეულ მონაწილეს და საორგანიზაციო ჯგუფის წევრს. მადლობა ფესტივალის მთავარ დირიჟორს, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს, ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თამარ სადრაძეს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს.

უდიდესი მადლობა უნიკალურ მევიოლინეს და დირიჟორს ფესტივალის დამფუძნებელს, მუსიკოსს ლიანა ისაკაძეს, მისი ფასდაუდებელი ღვაწლისათვის ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში “,- აცხადებს”ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე.

„თითქმის ათი წელია ჩართული ვარ ,,ღამის სერენადების” ორგანიზებაში. ყოველთვის ძალიან დაძაბული და ემოციურია ეს პროცესი. წელს განსაკუთრებული სირთულეებიც იყო, პანდემიის გამო, ფესტივალზე დასწრება შეზღუდული იყო, თუმცა ლაივსტრიმებისა და პირდაპირი ეთერის საშუალებით ათასობით მაყურებელს მიეცა საშუალება, თვალი ედევნებინა და ესიამოვნა კლასიკური მუსიკით. მიხარია, რომ სირთულეები დავძლიეთ და პანდემიის მიუხედავად ქალბატონი ლიანას მიერ 1982 წელს დაწყებული საქმე გრძელდება.

ვფიქრობ, ღირსეულად შევძელით ფესტივალის ჩატარება. ჩვენი შესანიშნავი მუსიკოსების, საორგანიზაციო ჯგუფის, ტრადიციული პარტნიორებისა და მხარდამჭერების ერთიბლივი ძალისხმევით“ ,- აცხადებს „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი.

„ბედნიერი ვარ, მთავარია ფესტივალი ჩატარდა, მით უმეტეს მსოფლიო პანდემიის დროს და თანაც ასე მაღალ დონეზე. არ გვაქვს უფლება, რომ მოვეშვათ და დავითრგუნოთ. მუსიკა ხომ სულიერი საზრდოა, იგი აძლიერებს და განწყობას უმაღლებს ადამიანს. ამიტომაც ჩვენ მაყურებელს განსაკუთრებული ნაწარმოებები შევთავაზეთ.

საუკეთესოა ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები“, ბევრი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას წლევანდელ ფესტივალში და ეს კიდევ უფრო სასიხარულოა.

ფენომენალური ლიანა ისაკაძის გარშემო ტრიალებს ეს ყველაფერი და სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. მადლობა ყველას, ვინც ასეთ რთულ დროს ათასობით ადამიანს „ღამის სერენადები“ აჩუქა“, აღნიშნავს დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.

„დიდი პატივია ჩემთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ძალიან დიდი ისტორია აქვს „ღამის სერენადებს“, ის წლების მანძილზე ტარდებოდა საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში, მონაწილეობის მისაღებად კი მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები ჩამოდიოდნენ.

მეორე წელია ვმონაწილეობ ამ ფესტივალში და ვასრულებ მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. წელს ჩემი ნაწარმოების პრემიერაც შედგა. რთული იყო პანდემიური ვითარების გათვალისწინებით ამ ყველაფრის მაღალ დონეზე ჩატარება, მაგრამ ბათუმსა და თბილისში კონცერტები უდიდესი წარმატებით ჩატარდა.

გასული წლის სექტემბერში დავიწყე ამ ნაწარმოებზე მუშაობა, შემდეგ სხვა პროექტზე გადავერთე და რამდენიმე თვე ჩამივარდა. პანდემიის პერიოდში მივუბრუნდი ამ ნაწარმოებს და პანდემიის დროს დავასრულე . ექსპერიმენტული ნაწარმოები გამოვიდა, ბევრი იდეა შევაზავე, სხვადასხვა ჟანრსა და სტილში ვიმოგზაურე და იმედი მაქვს, ამას მსმენელიც შეიგრძნობს.

ონლაინ პრემიერა ძალიან დიდი ექტსპერიმენტია, რადგან ამ პანდემიამ მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა. მოლოდინი დიდი იყო, პრემიერა ხომ განსაკუთრებული მოვლენაა ხელოვანისთვის. მთავარია შენი ნაწარმოები დაამახსოვრდეს მსმენელს და მისი მოსმენა კიდევ მოუნდეს.

19 წლის ასაკში ჩამოყალიბებულ მუსიკოსად რომ აღიქვა თავი, ცოტა მიამიტობაა. როგორც ყველასთვის საყვარელი გია ყანჩელი იტყოდა, 50 წლის მერე რომ გარდაიცვლები, ხალხი თუ კიდევ ასრულებს შენს მუსიკას, ე.ი. მართლაც ღირსი ყოფილხარ აღიარების.

დიდი მადლობა „ღამის სერენადების“ ორგანიზატორებს ასეთი დაუვიწყარი საღამოებისთვის“,-აცხადებს პიანისტი სანდრო ნებიერიძე.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; Lenø Records; კომპანია ,,პსპ“, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედიამხარდამჭერები არიან : აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; რუსთავი 2; TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ჯორჯიანპრესი, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“; ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა