ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 118 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა, 22-ს კი პნევმონია აღენიშნება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო მონაცემებით 118 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

კლინიკის ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან. მისივე თქმით, კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

"ინფიცირებულთა შორის სამის მდგომარეობა არის მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან. მათ თანმხლები დაავადებები აღენიშნებათ. განყოფილებაში მყოფ 22 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, მათთან მიმართებაში ანტივირუსული მკურნალობა მიმდინარეობს. სხვა პაციენტებზე კი გეგმური მონიტორინგი",- აღნიშნა მან.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის მზად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფიცირებულების მისაღებად, კიკაბიძემ აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 170 პაციენტს მოემსახურება.

"ჩვენ ასე უცებ ამდენი პაციენტის კლინიკაში შემოსვლას არ ველოდებოდით, რადგან არ იყო ასეთი მდგომარეობა. კლინიკაში მოსულ ინფიცირებულ პირებს სხვანაირი მიღება სჭირდება. თავიდან 80 საწოლზე გვქონდა დაანონსებული და ახლა რადგან ავადმყოფთა რაოდენობა მოიმატა, პარალელურ რეჟიმში ვზრდით ექთნებისა და ექიმების რაოდენობას. ჯერჯერობით გვყავს ექიმები, რომლებიც მზად არიან გვერდში რომ დაგვიდგნენ, ასევე გვეხმარებიან უმცროსი ექიმები. საჭიროების შემთხვევაში 170 პაციენტის მიღებას შევძლებთ, აქედან 25 პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება შეგვიძლია",- განაცხადა მან

კლინიკაში მოთავსებული პაციენტთან ნაწილი, არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ არ არის ჰიგიენის ნორმები დაცული და სასმელი წყალი უვარგისია. აღნიშნულთან დაკავშირებით გია კიკაბიძემ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მცირე დარღვევები იყო, თუმცა მოგვარდა.

"მოგეხსენებათ, ჩვენთან აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი იმყოფება, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა. მე მესმის, რომ პაციენტები ძალიან აღელვებულები არიან, მათი ნაწილის მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და იყო პატარ-პატარ ხარვეზები, შეფერხებები, რომლებიც უკვე აღმოფხვრილია. პალატებში სადენზიფექციო ხსნარი-ხელის დასამუშავებლად არის. ჰიგიენის საშუალებებით არის შეტანილი. დღეს პაციენტის პრეტენზიების შემდეგ ადმინისტრაციამ თათბირი ჩავატარეთ, დავსახეთ გეგმები და ყველა საკითხი მოგვარებულია. სასმელ წყალს რაც შეეხება, აპარატები გვქონდა და ცოტა რთული იყო ასე პაციენტებზე მომსახურება, ახლა კი გადავწყვიტეთ რომ ბოთლებით მივაწოდოთ.

ერთ სართულზე 50 პაციენტი გვყავს და არ არის მიზანშეწონილი, რომ დერეფნებში პაციენტებმა იმოძრაონ. არის პატარა სირთულეები, რადგან კლინიკა უცებ ამდენ ნაკადს არ ელოდა",- აცხადებს გია კიკაბიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს