ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს

მომავალ კვირაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა და 245 სტუდენტმა ჩააბარა.

მათივე ინფორმაციით, KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. უნივერსიტეტის ცნობით, STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში, ხოლო TUM-ის წარმომადგენლებმა და KIU-ს სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სტუდენტების ქულათა მაჩვენებელს და მიღებულ შედეგებს დადებითი შეფასება მისცეს.

„რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარული წელს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტის პროგრამა და ბოლოს მათემატიკა. საინტერესოა, რომ მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგოა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

KIU-ს სტუდენტთა შორის არიან ისეთი წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებმაც გერმანიაში გამგზავრების და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს. რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მცხოვრები, სსიპ წალენჯიხის მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგონაა, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-ს გრანტიც (შიდა დაფინანსება) მოიპოვა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდებიც. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს