თენგიზ ცერცვაძე „ოქსფორდის“ ვაქცინაზე ცდების შეწყვეტაზე - არ არის საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა, ასეთი რამ ყველგან და ყოველთვის ხდება

არ არის საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა და ფართო გამოხმაურება, ასეთი რამ ყველგან და ყოველთვის ხდება, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდების შეწყვეტას.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, 30 ათასი ადამიანი გადიოდა საბოლოო კლინიკური ცდების ფაზას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, საიდანაც მხოლოდ ერთს გამოუვლინდა უცნობი დაავადება.

„ოქსფორდის“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში 30 ათასამდე ადამიანი და 4 ქვეყანა მონაწილეობს. მესამე ფაზა საბოლოო ფაზაა, როდესაც უნდა დამტკიცდეს, ვაქცინა ნამდვილად იცავს კორონავირუსისგან ადამიანს, თუ არა.

საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ერთ პაციენტს, რომელიც იღებდა ამ ვაქცინას, განუვითარდა ამ ეტაპზე გაურკვეველი დაავადება ანუ, არავითარი კავშირი ამას კორონავირუსთან არ აქვს. მას განუვითარდა ჯერჯერობით უცნობი დაავადება, უცხოეთში კი ძალიან მკაცრი რეგულაციებია ამ ვაქცინის და მედიკამენტის გამოცდაზე.

წესია ასეთი, რომ თუ მედიკამენტზე, ან ვაქცინაზე, რომელიც გადის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას, პაციენტს დაემართება ნებისმიერი დაავადება, მითუმეტეს გაურკვეველი, კვლევა ჩერდება, ეს პაციენტი განთავსდება ჰოსპიტალში და იკვლევენ, რა არის ეს დაავადება, რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ვაქცინასთან.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში კეთდება განცხადებები, მაგალითად, პრეზიდენტის მხრიდან, რომ ვაქინის გამოცდა იმდენად წარმატებით მიმდინარეობს, რომ შესაძლოა, 2 ნოემბრისთვის, ანუ არჩევნებისთვის ამერიკას ჰქონდეს ვაქცინა.

ეს ცოტა შეიცავს ელფერს, რაც ცნობილია პოლიტიკაში, რომ რაღაც მნიშნვნელოვანი თარიღისთვის ჩქარობენ, სერიოზული მიღწევა დადონ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტმა და ვაქცინის დამამზადებელმა კიდევ 8 კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ისინი არ გასცემენ ნებართვას დაჩქარებულად ვაქცინის გამოყენებაზე იქამდე, ვიდრე არ დადასტურდება ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა.

„ბევრ ქვეყანაში, როდესაც პანდემიაა და არ აქვთ წამალი და ვაქცინა, დაჩქარებულად იღებენ გადაწყვეტილებას რომელიმე მედიკამენტზე, თუნდაც რუსეთის მაგალითი რომ ავიღოთ.

ამ კომპანიებმა, მათ შორის „ოქსფორდმა“, უფრო მაღლა დააყენა სუფთა პროფესიული ინტერესი, ადამიანის გარანტირებული უსაფრთხოების ინტერესი, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ ისინი არ სთხოვენ მარეგულირებელს, რომ დაჩქარებული წესით გაიცეს ნებართვა ვაქცინის გამოყენებაზე. როდესაც დადასტურდება უსაფრთხოება და ეფექტურობა, შემდეგ იქნება მოთხოვნა ვაქცინის ფართო გამოყენებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილ, კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა. გამოცემის ცნობით, კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთი მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა. AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა.“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა