შალვა შავგულიძე - ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ცდილობს, ქვეყანა რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დააბრუნოს, თავიდან უფრო მალულად ახერხებდა

მთაწმინდის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას არ აპირებს და აქტიურად ცდილობს, ქვეყანა რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დააბრუნოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ეს მმართველი გუნდის მიერ გატარებული პოლიტიკით ჩანს.

ამასთან, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აღიქვამს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის დასავლურ გეოპოლიტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

„ამ არჩევნებში ძირითად კონკურენტად, მოწინააღმდეგედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს აღვიქვამ. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და მისი ხელისუფლებაში ყოფნა დამაზიანებელია ამ ქვეყნის განვითარებისთვის. სხვა თუ არაფერი, ერთი არგუმენტიც კი საკმარისია, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია აქვს არჩევანი გაკეთებული დასავლური გეოპოლიტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რასაც აშკარად ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს ამას ივანიშვილი, თავიდან უფრო მალულად ახერხებდა.

მოგეხსენებათ, 2012 წლის არჩევნების დროს „თავისუფალი დემოკრატები“ და პირადად, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გახლდით, მაგრამ 2 წელი ნამდვილად საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახად, რომ ივანიშვილი არ აპირებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას, ხელს არ უწყობს მის დასავლეთში ინტეგრირებას. ის აქტიურად ცდილობს, რომ რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დააბრუნოს ქვეყანა, ეს ყველაფერში ჩანს. მარტივად რომ ვთქვათ, იმ 2 წელიწადში, რაც პარლამენტარი ვიყავი, როგორ საკანონმდებლო პოლიტიკას ატარებდა, როგორ არ მოგვცა შესაძლებლობა, კარგი სასამართლო რეფორმა გაგვეტარებინა და მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო შეგვექმნა. მისი ამ მცდელობების შედეგად მივიღეთ ისევ მურუსიძე-ჩინჩალაძის მორჩილი ხელისუფლება და არა კანონის მსახურებაში მყოფი სასამართლო. როგორ შეგვიშალა ხელი პროკურატურის სწორი რეფორმის გატარებაში, მაშინ, როდესაც ჯიუტად მიიღო პირველი მოსმენით „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი და ეს ინფორმაცია ვენეციის კომისიას მივაწოდეთ, მათ შუალედური დასკვნა გამოაგზავნეს, რომ ასეთი კანონპროექტი პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოთხოვნას არ პასუხობს, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა“, - აცხადებს შავგულიძე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ინსტიტუციების განვითარების და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაძლებლობას არ იძლევა, რაც აუცილებელი პირობაა დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

„ეტყობა, ივანიშვილს თავისი ვალდებულებები გამოყვა იმ თანხიდან, რომელიც რუსეთიდან წამოიღო და იძულებულია, ამ ვალდებულებებს მოემსახუროს, მაგრამ ჩვენ მთელ ქვეყანას მის ვალდებულებებს არ მოვახმართ“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისი შეფასებით, მთაწმინდის ოლქში საზოგადოების განწყობა ცალსახად ოპოზიციურია.

„თუ იმ განწყობებით ვიმსჯელებთ, რა შთაბეჭდილებაც მექმნება ამ პერიოდში, რაც წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩეველთან შეხვედრა დავიწყე, საზოგადოების განწყობა ცალსახად ოპოზიციურია. 10 ამომრჩევლიდან ან ოჯახიდან, 9 მაინც განწყობილია, რომ ოპოზიციას მისცეს ხმა“, - განაცხადა შავგულიძემ.

ის ვარაუდობს, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა ექნება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი