თამარ გაბუნია - საქართველოს აქვს საწოლფონდი იმაზე ჭარბი, ვიდრე სჭირდება - ქვეყანაში 15 ათასი საწოლია

ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საწოლფონდი საკმარისია, საველე ჰოსპიტლების მოწყობა საჭირო არ გახდება.

როგორც გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცება „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში ამ ეტაპზე კოვიდპაციენტებისთვის 670 საწოლია გამოყოფილი და საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება.

„საერთოდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ ერთ-ერთი კრიტიკა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს საწოლფონდი იმაზე ჭარბი, ვიდრე სჭირდება. დღეს ჩვენ კოვიდის მიზნებისთვის გათავისუფლებული და მობილიზებული გვაქვს 670 საწოლი, რაც არის მხოლოდ მცირე ნაწილი ქვეყანაში არსებული საწოლფონდის, ქვეყანაში 15 ათასი საწოლია. როდესაც გვქონდა გაზაფხულის პერიოდში მობილიზება, მაშინ მობილიზებული იყო 1200 საწოლი. შემდეგ ამის საჭიროება აღარ იყო და ეს კლინიკები დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. დღეს მობილიზების რეჟიში მუდმივად რჩება დაახლოებით 4 ათასამდე სამედიცინო დაწესებულება და ამ დაწესებულებების ჩართვა კოვიდის პროგრამაში მოხდება პაციენტების ზრდასთან ერთად. დღეს ჩვენ აქტიური პაციენტი გვყავს 450-ზე ოდნავ მეტი, ამდენად, 670 საწოლი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 450 პაციენტს გაუწიოს სრული მომსახურება, თუ საჭირო გახდება, კლინიკები, რომელიც მობილიზებულია და აქვს გამოცდილება, დაემატება პროგრამას. ამ შემთხვევაში არ არის საკითხი იმაზე, რომ საწოლფონდი საკმარისი არაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც გაბუნია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მოემზადოს, საჭიროების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელზე გადასასვლელად. როგორც ის აცხადებს, უკვე მობილიზებულია 3 სასტუმრო, სადაც მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

„უკვე 3 სასტუმროა იმისთვის, რომ მიიღოს მსუბუქი პაციენტები საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ. ჰოსპიტალში პაციენტს ყოფნა დაახლოებით 2 კვირა უწევს. თუ პირველი კვირის შემდეგ მისი კლინიკური მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, გადავიყვანენ სასტუმროებში, სადაც ექნებათ ყურადღება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკმარისი რაოდენობითაა ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც.

„სუნთქვის აპარატები საკმარისი იყო, თუმცა 200-მდე ახალი მანქანაა შეძენილი, რომელიც არის სარეზერვო და კიდევ არის დაგეგმილი, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა“,- განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა