ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამედიცინო ქვედანაყოფებმა სამედიცინო სწავლება ორ ფაზად ვაზიანის მე-5 და მე-11 პოლიგონებზე ჩაატარეს.

სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც. სცენარის მიხედვით, საინჟინრო კონვოის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ქართულ-ამერიკულმა სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფებმა დაშავებულებს დაუყონებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და ამერიკული საევაკუაციო ვერტმფრენით „შავი ქორი“ მე-11 პოლიგონზე გაშლილ საველე ჰოსპიტალში ROL2 გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალში ურგენტულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სამხედროები ქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბლოკებში განათავსეს, სადაც სამხედრო ექიმებმა მათ პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასტაბილურეს.

„ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა