პრემიერი - დღეს, მთაში, 70 წელს გადაცილებული ადამიანი იღებს ყველაზე მეტ პენსიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, თიანეთში ახალგაზრდები საცხოვრებლად დაბრუნდნენ და განვითარდნენ. ამის შესახებ პრემიერმა თიანეთში მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, თიანეთში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჯერ კიდევ დასასრულებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენი წარმატებული ცხოვრება არ უნდა იზომებოდეს გზების ან გაზის გაყვანით. ჩვენი წარმატებული მიღწევები და ცხოვრება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენ ახალგაზრდას დავაბრუნებთ ამ კუთხეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისში, თიანეთში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ყველგან ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ერთნაირი, სამართლიანი და თანაბარი პირობები. სწორედ ამისთვის გვჭირდება რეფორმა განათლების სისტემაში. სწორედ ამისთვის გვჭირდებოდა ჩვენ, რომ თიანეთი ყოფილიყო მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, იმიტომ, რომ ამით შეგვეძლო დავხმარებოდით აქ მცხოვრებ ადამიანებს სოციალურად, სხვადასხვა კომუნალური გადასახადებით, საერთოდ მათ, ვინც ბიზნესს წამოიწყებდა. თიანეთში, ყველამ კარგად ვიცით, რომ გზები ძირითადი ნორმალურადაა, გასაკეთებელია შიდა გზები, მოსაწყობია წყალმომარაგება, ასევე არის გაზიფიცირების პრობლემა, მაგრამე ეს ყველაფერი დროის ამბავია, ამას ყველაფერს გავაკეთებთ ერთად. საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ ულამაზეს, დიდი ისტორიის მქონე კუთხეში დავაბრუნოთ ახალგაზრდები. ახალგაზრდები აქ უნდა ცხოვრობდნენ, ვითარდებოდნენ, შრომობდნენ და ღირსეულად უნდა არჩენდნენ თავინთ ოჯახებს. ეს არის ძირითადი მიზანი. ეს უნდა იყოს მაჟორიტარის, ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი მიზანიც. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თიანეთი სრულად არის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი და ეს ბევრ შესაძლებლობას უხსნის აქ მცხოვრებ მოსახლეობას, ყველა ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს აქვს - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის დახმარების სხვადასხვა პროგრამა, იმისთვის, რომ არ შეგშლოდათ ხელი და ყველა ამ პროგრამაში მონაწილეობის ან ინფორმაციის მისაღებად არ მოგიწიოთ ყოველ ჯერზე თბილისში ჩასვლა, ყველაფერი ეს მოვიტანეთ თქვენთან- იუსტიციის სახლში, მომსახურების ცენტრებში ყველა ეს მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ვინც მზად არის პირველი ნაბიჯები გადადგას, წამოიწყოს თავისი საქმე, გლეხობიდან გახდეს ფერმერი, რათა გაძლიერდეს და დაასაქმოს სხვა ადამიანები. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს პირობები შეგიქმნათ და მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ“,- განაცხადა გახარიამ.

როგორც ის აცხადებს, სახელმწიფოს ვალია, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მთაში ცხოვრება და მუშაობა უნდა, ყველა პირობა შეუქმნას, რათა ოჯახი ღირსეულად არჩინოს.

„სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა - გზა, წყალი, გაზი, სარწყავი წყალი იყოს სრულად მოწესრიგებული, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბევრი კიდევ დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეა დასასრულებელი. მიუხედავად იმისა, რომ მიღწევები არის, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი ერთად. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე. ამიტომ არის, რომ დღეს, მთაში, 70 წელს გადაცილებული ადამიანი იღებს ყველაზე მეტ პენსიას, მათი ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება უნდა იყოს იგივე დონეზე, რა დონეზეც არის თბილისში. ამისთვის, პირველადი ჯანდაცვის, სტაციონალური სისტემაც უნდა იყოს წესრიგში, ეს ელემენტარული საბაზისო მოთხოვნებია, რომ თიანეთი, როგორც მუნიციპალიტეტი იყოს კომფორტული საცხოვრებად ყველა ადამიანისთვის, ყველა ადამიანს, ვისაც აქ დარჩენა და მუშაობა უნდა, სახელმწიფოს ვალია, შეუქმნას სამართლიანი და თანაბარი პირობები, რათა ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, განურჩევლად იმისა, თბილისში ცხოვრობს, რუსთავში, ბათუმში თუ თიანეთში. ამის მისაღწევად ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ამის მისაღწევად დარწმუნებული ვარ, თქვენი მაჟორიტარობის კანიდიდატი იქნება თიანელების ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება მხოლოდ თიანეთის, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ“,- განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო