აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
როგორც ნიჟარაძე აცხადებს, კონტროლდება ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხდება მათი კონტაქტების მიდევნება.
მისივე თქმით, აჭარაში შემთხვევების მზარდი დინამიკაა და ძირითადად ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება.
მინისტრის ცნობით, პაციენტების მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთო 6 სამედიცინო დაწესებულება. უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში და ორ კარავში.
„რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია”, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი.
„ჩვენ უკვე ავამუშავეთ საავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა”, - განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.