„ევექსი ჰოსპიტლები“ - სახელმწიფოს მხარდაჭერას ვუცხადებთ და საჭიროების შემთხვევაში, დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 700-მდე საწოლის გამოყოფის მზაობას გამოვთქვამთ

„ევექსი ჰოსპიტლები“ ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კლინიკების გადატვირთვის შემთხვევაში, 700-მდე საწოლის მობილიზებაზე სრულ მზაობას გამოთქვამს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან“ აცნობეს, პირველი ეტაპისთვის, კორპორაციამ თბილისსა და ქუთაისში სრულად აღჭურვილი 140-მდე საწოლი უკვე გამოყო.

მათი ინფორმაციით, თბილისში ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალისა და ქუთაისში, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი ინფექციის კონტროლის შესაბამისი პროტოკოლების თანახმად გადამზადდა.

როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნულ კლინიკებში 13 სექტემბრიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო.

„ევექსი ჰოსპიტლები“ კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქსელში დასაქმებულ მედპერსონალს მოსახლეობის მხარდასაჭერად გამოხატული სრული მზაობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. ჰოსპიტლებში სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში მათი ეტაპობრივი ჩართვა მოხდება. ჰოსპიტლებში მკურნალობის პროცესი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ეროვნული პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება. 83 საწოლზე გაშლილი თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი არაინფექციური პროფილის პაციენტებისთვის დაიხურება, ხოლო ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხელებიანი პაციენტებისთვის 51 საწოლზე გაშლილი სრული ერთი სართული გამოიყო, სადაც პაციენტების მიღება დამოუკიდებელი შესასვლელიდან მოხდება და მათი მართვა იზოლირებულ ბლოკ პალატებში გაგრძელდება. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი არაინფექციური პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა - პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ „ევექსი ჰოსპიტლები“ იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი ქვეყანაში, რომელმაც კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან დაინფიცირებული პაციენტების სამართავად 6 მსხვილი ჰოსპიტლის გამოყოფაზე მზაობა გამოთქვა. დღეს საქართველოში მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე კორპორაცია კვლავ მზადაა მოსახლეობის მხარდასაჭერად შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 700-მდე საწოლი ქვეყნის მასშტაბით გამოყოს“,-აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა