ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს პირობა მისცა, რომ რუსეთი ბელარუსის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ღირსეულად მოიქცა, რის გამოც მან რუს კოლეგას მადლობა გადაუხადა.

სოჭში ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მადლობელია ვლადიმერ პუტინის და ყველა რუსის, ვინც მხარს უჭერდა ბელარუს ხალხს არჩევნების შემდგომ პერიოდში.

ლუკაშენკოს განმარტებით, სიტუაცია სინამდვილეში ისეთი არ არის, რასაც მასმედია აჩვენებს. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის მოქალაქეები თავად უნდა გაერკვნენ საკუთარ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში, გარე ზეწოლის გარეშე.

„თქვენ კარგად იცით ჩვენი პოზიცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ბელარუსი ხალხი თავად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მშვიდად და ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში, გაერკვეს ამ სიტუაციაში და მივიდეს საერთო გადაწყვეტილებამდე, თუ როგორ უნდა მოაწყონ თავიანთი საქმე“, - აღნიშნა პუტინმა.

მან აქვე დაადასტურა, რომ რუსეთი ბელარუსის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს, მათ შორის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში.

„რუსეთი ერთგული რჩება ყველა მისი შეთანხმების მიმართ, მათ შორის მათ მიმართ, რომელიც გამომდინარეობს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ შეთანხმებიდან. ჩვენ ბელორუსს უახლოეს მოკავშირედ განვიხილავთ და რა თქმა უნდა, როგორც არაერთხელ გითხარით სატელეფონო საუბრებში, ჩვენ შევასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას“, - აღნიშნა პუტინმა.

მან აქვე განაცხადა, რომ ეს ორმხრივი ვალდებულებები 90-იან წლებში გაფორმდა და მიუხედავად იმისა, თუ ვინ იმყოფება ქვეყნის ხელისუფლებაში, ქვეყანამ ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში, ქალაქ სოჭში დღეს ჩაფრინდა. ცნობისათვის, ეს პუტინისა და ლუკაშენკოს პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მისი გადადგომის მოთხოვნით ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა