ნინო წილოსანი - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი სრულიად ახალი სტანდარტია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, მათ შორის, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილის, რომან მუჩიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ გამოიტანა და კოლეგებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით იქმნება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები საერთო ფართობით 5958.3 ჰა, რომელშიც გაერთიანდება უკვე არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი და ახალშექმნილი ცივ-გომბორის აღკვეთილი. შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებით 1 უბნის უფროსი რეინჯერის და 4 რეინჯერის დასაქმება, რისთვისაც 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობამ უნდა შეადგინოს 55 200 ლარი, ვინაიდან კანონი სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსის მიენიჭება 4935,8 ჰა ტერიტორიას. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები.

ამასთან, კანონის მოქმედება არ გავრცელდება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიებზე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ქონებრივ ურთიერთობებზე; სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს კანონპროექტი არის სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

„ეს კანონი მომავალში დაარეგულირებს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ამ დრომდე, ფაქტობრივად, ინდივიდუალური მონდომებით წყდებოდა. მათ შორის, როგორც წარმატებული მაგალითი, შემიძლია დავასახელო კომპანია არემჯის მაგალითი, რომელმაც პარლამენტის სამუშაო ჯგუფთან და სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, განახორციელა რიგ შემთხვევაში მიყენებული ზიანის აღმოფხვრა, რიგ შემთხვევაში კი პრევენციული ღონისძიებები. ამ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ბიზნესი საკმაოდ მოტივირებულია და მზადაა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოსადმი მიყენებული ზიანი. მჯერა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა გვექნება ამ მიმართულებით სახელმწიფოს და სექტორს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის - „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის ზოგადი დებულებები კი კომიტეტის წევრებს წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი სამართლებრივად არეგულირებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციას, შერბილებას და აღმოფხვრას.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ეფუძნება ევროდირექტივას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ და, შესაბამისად, აგებულია ყველა იმ პრინციპზე, რასაც ეს დირექტივა ითვალისწინებს. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი კანონპროექტით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სრულიად განსხვავებული პრინციპი დამტკიცდება.

„დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, გულისხმობს, რომ გარემოს დამბინძურებელი ვალდებული იქნება აღადგინოს დაზიანებული გარემო, მოიყვანოს ის პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობასთან და ამისათვის გასწიოს საჭირო ფინანსური თანხები.

მისი თქმით, ეს გახლავთ ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ეფუძნება წარმოდგენილი კანონპროექტი და, შესაბამისად, პროცედურულადაც გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლო ღონისძიებების განხორციელებას ეხება. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ზიანის პრევენცია, რაც დღევანდელი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი ადგენს გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს იმისათვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოსწორდეს. ამისათვის, 2023 წლიდან საქმიანობის სუბიექტები ვალდებულები იქნებიან (იგულისხმება მაღალი რისკის საქმიანობა), შექმნან გარკვეული ფინანსური გარანტიები, ვიდრე ისინი საქმიანობას დაიწყებენ.

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების და სხდომაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებს.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც სხდომაზე ნინო წილოსანმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ეხება საჯარო განხილვების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას პანდემიის პირობებიდან გამომდინარე. კომიტეტმა ამ კანონპროექტსაც მხარი დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო