ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” წავა დათმობებზე, დასავლეთთან ურთიერთობა რომ მოაგვაროს”

ორი ზეიმი ერთ დღეს - ხელისუფლებასა და ევროპელ დიპლომატებს შორის დაპირისპირება მწვავდება

ირაკლი მელაშვილი - “ხელისუფლება რუსული თემისგან დისტანცირებას ფრთხილად ცდილობს”

პუტინი სომხეთს “უკრაინული სცენარით” ემუქრება და რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” წავა დათმობებზე, დასავლეთთან ურთიერთობა რომ მოაგვაროს”

“ის ფაქტი, რომ ეს მნიშვნელოვანი შეკრება ჩატარდა ერევანში კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ევროპისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საინტერესო რამ ბრძანა, რვა წლის წინ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ სომხეთმა ნელ-ნელა დაიწყო გამოსვლა რუსული ორბიტიდან და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ერევანში ასეთი სამიტის ჩატარებაო. დიახ, სომხეთი კავკასიაში ამ მხრივ ყველაზე სუსტი წერტილი იყო, რადგან იქ რუსული გავლენა ყველაზე ძლიერი იყო და ახლა ფაშინიანის დამსახურებით ეს ნელ-ნელა იცვლება, რაც ძალიან კარგია რეგიონისთვისაც და ევროპისთვისაც, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც - ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, ნელ-ნელა, თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით. სამწუხაროდ, ის შეხვედრები, რომლებიც პროპაგანდისტულმა ქართულმა არხებმა აჩვენეს - პრემიერის შეხვედრა მაკრონთან თუ ზელენსკისთან - უფრო პროტოკოლური ხასიათის იყო, ვიდრე სერიოზული ნაბიჯების გადადგმის წინა პირობა,” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ოცნება” წავა დათმობებზე, დასავლეთთან ურთიერთობა რომ მოაგვაროს”.

“რა თქმა უნდა, უკრაინასთან ურთიერთობის მოგვარება თუ მოხერხდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, ელჩებიც რომ დაინიშნოს, დიდი წინსვლა მაინც საეჭვოდ მიმაჩნია, თუმცა სულ არაფერს, ეს მაინც ჯობია... სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ძალზე რეალურად გამოჩნდა პოტენციური ალტერნატიული დერეფანი. ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რადგან, თუ ეს დერეფანი განვითარდა - და ალბათ, განვითარდება კიდეც, რადგან დიდი ამერიკული ინტერესია, ჩვენი როლი შეიძლება შეიცვალოს. არ ვიცი, დარჩება თუ არა ტრამპი პრეზიდენტად, მაგრამ მისი პრეზიდენტობის პირობებში ამ დერეფნის რეკონსტრუქციას დიდი ყურადღება დაეთმობა, რადგან მას დიდი ამბიციები აქვს და შეეცდება ეს მარშრუტი სამაგალითო გახდეს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი დათმობებზე წავა და იძულებული იქნება შეეგუოს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებულია. მე უფრო სხვაგვარად მგონია: "ქართული ოცნება" კი იტყვის, რომ დასავლეთს დაათმობინებს ბევრ რამეს, მაგრამ რეალურად თავად წავლენ დათმობებზე, რათა დასავლეთთან ურთიერთობა მოაგვარონ”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამის ნიშნები უკვე არის - თუნდაც ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ხუთი სპეცრაზმელი დააპატიმრეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მასშტაბი, რაც უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია.. ეს პირები ჯერ კიდევ 2024 წლის დარბევების დროს იყვნენ იდენტიფიცირებული და ხელისუფლებაში ყველამ ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, ახლა ვითარება შეიცვალა და ხელისუფლება იძულებული შეიქნა შექმნილი გარემოებებისთვის ანგარიში გაეწია. დათმობები დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორი იქნება ვითარება უკრაინაში, რუსეთში და როგორ დასრულდება ომი ირანში. ჯერჯერობით არ ჩანს, რა იქნება ირანში, უკრაინაში კი კარგა ხანია ვითარება ისეთი აღარ არის, როგორიც ოთხი წლის წინ, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ეს საგარეო ფაქტორები იმუშავებს “ქართული ოცნების” პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და იძულებული შეიქნებიან სხვა დათმობებზეც წავიდნენ, ოღონდ პროპაგანდისტები იტყვიან, თითქოს დასავლეთი წავიდა დათმობებზე და არა “ქართული ოცნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოში ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუბიომ დარეკა პრემიერ-მინისტრთან. შეიძლება ითქვას, ეს ურთიერთობების ათვლის ახალი წერტილია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რაზე იყო საუბარი, მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანია: ევროპისა და ამერიკისთვის კავკასია, როგორც “შუა დერეფანი”, უალტერნატივო ხდება. უკრაინაში ან ირანში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი ეს მარშრუტები დიდხანს ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტია, რადგან რუსეთსა თუ ირანში სტაბილურობის აღდგენას უამრავი დრო დასჭირდება. ირანში, სავარაუდოდ, რეჟიმი რჩება, რაც ნიშნავს, რომ ვითარება იქ ბოლომდე უსაფრთხო ვერ იქნება. ამიტომ კავკასიური დერეფანი თავისი სტაბილურობით უმნიშვნელოვანესი ხდება. ამერიკის ინტერესია, რომ საქართველოში ჰქონდეს საყრდენი, თუნდაც ანაკლიის პორტის სახით, რომელიც მხოლოდ ლოჯისტიკური ცენტრი არ იქნება. რადგან გეოპოლიტიკურად სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდება მათთვის პრიორიტეტია, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არის პირობები როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან და უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე დაიწყო ეს ვიზიტებიც”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება იმას, თუ რაზე წავა “ოცნება”, ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც - ფაქტია, რეალური რეფორმებია გასატარებელი! ამ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით არ გადადგამენ, მაგრამ თუ იქნება რეალური ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან, იძულებულნი შეიქნებიან ანგარიში გაუწიონ, რათა თავი დააღწიონ იზოლაციას. ჯერჯერობით ამის მხოლოდ სიმპტომებს ვხედავთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ დასავლეთი, სამწუხაროდ, ოპოზიციაში ვერ ხედავს ხელისუფლების ჩანაცვლების რეალურ გარანტიას. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ზეწოლა ხელისუფლებაზე - არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებითაც... რაც შეეხება სპეცრაზმელების დაკავებას, თუ ვინმეს ჰგონია, მხოლოდ ეს ხუთი კაცი მოქმედებდა ასე, ძალიან ცდება. იქ ასობით ადამიანია დაშავებული. ეს გადაწყვეტილება არც “ხარებას” მიუღია, მასაც ჰქონდა პირდაპირი ბრძანება, ყოფილიყვნენ მაქსიმალურად სასტიკები, რათა დემონსტრანტებისთვის მეორედ და მესამედ ქუჩაში გასვლის სურვილი დაეკარგვინებინათ. ეს ბრძანება ხელისუფლებიდან მოდიოდა და `ხარება~ ასრულებდა. როცა ამბობს, რომ მზად არის ყველას მაგივრად აგოს პასუხი, ამით ცდილობს ისევ ხელისუფლებას აჩვენოს, რომ “საჭირო კაცია”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“მთავარია ისიც, რა ბედი ეწევათ სპეცრაზმელებს ამ პროცესის შემდეგ. მე მახსოვს გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები, როდესაც ხელისუფლებამ მათ ციხეში კომფორტული პირობები შეუქმნა და შემდეგ დროზე ადრეც გაათავისუფლა. თუ ახლაც ასე მოხდა, თუ ეს ხუთი პირი მხოლოდ ფორმალურად გაათავისუფლეს სამსახურიდან და შემდეგ სასათბურე პირობები შეუქმნეს, მაშინ ეს “სასჯელი” სხვა სპეცრაზმელებზე ვერ იმუშავებს. პირიქით, დარწმუნდებიან, რომ სისტემა მათ არ წირავს. ამიტომაა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პროცესი, არამედ მონიტორინგი - მართლა დაისჯება თუ არა ეს ხალხი. ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, რადგან იცის, რომ კითხვის ნიშნები თავად სპეცრაზმელებშიც გაჩნდა, თუ რამდენად არიან ისინი დაცული ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შესრულებისას. ამგვარი კითხვები “ქართული ოცნების” მსგავს რეჟიმებს მხოლოდ ასუსტებს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ასევე იქნება, ვიდრე არ დაიწყებენ იმის გაანალიზებას, რა მოხდა 4 ოქტომბერს. იმის თქმა, რომ “ხელისუფლებამ პროვოკაცია მოგვიწყო”, არაფერს ნიშნავს. თუ ასეთ პროვოკაციას წამოეგები, მაშინ საერთოდ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. ავტორიტარული რეჟიმის დროს უნდა იცოდე, რომ ხელისუფლება ყველანაირ პროვოკაციაზე წავა, მაგრამ მნიშვნელოვანია შენ რას აკეთებ, როგორ იქცევი? თუ არ შეგიძლია საფრთხეების გათვლა, საკუთარ თავსაც ღუპავ და იმ მიზანსაც, რის მიღწევასაც ცდილობ. ოთხმა ოქტომბერმა ხელისუფლება კი არა, ოპოზიცია დააზარალა ყველაზე მეტად, შესაბამისად, ოპოზიციამ განმარტებები უნდა მოითხოვოს არა ხელისუფლებისგან, არამედ იმ ხალხისგან, ვინც ეს 4 ოქტომბერი დააორგანიზა. უამრავი კითხვაა პრეზიდენტის სასახლესთან მისვლაზეც. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ქუჩის აქტივობის აღდგენა. თუ გვინდა ხელისუფლება ვაიძულოთ დათმობებზე წავიდეს, ოპოზიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ კითხვის ნიშნები აღარ დატოვოს”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე გიორგი უძილაურის დაკავებაა ჯაშუშობის ბრალდებით...” - პასუხობს:

“ხელშეკრულების გაფორმება აგენტთან? ეს ხომ სრული აბსურდია. მთავარი ისაა, თუ რატომ დასჭირდა “ქართულ ოცნებას” ასეთი ნაბიჯის გადადგმა და თან ამის აფიშირება. ჩემი შეფასებით, ისინი ცდილობენ ახალი რეალობის შექმნას - ევროპის დისკრედიტაციას, რაც პროპაგანდის ახალი მექანიზმია. ევროპას, ფაქტობრივად, მტრად აცხადებენ. ახალი თემა შემოიტანეს - შპიონაჟი, ამისთვის კი პერსონაჟი სჭირდებოდათ და უძილაური ამ კატეგორიაში მოხვდა. იქ, ალბათ, სხვა ქვედინებებიც იყო, უძილაურმა ვიღაცას გადაუჭრა გზა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს პროპაგანდისტული მანევრია, მხოლოდ იმის საჩვენებელი, რომ თურმე “დასავლეთი გვებრძვის”. ისე, რადგან ინფორმაცია უკვე გაცემულია და ამაში საიდუმლო არაფერია, იქნება გვითხრან, რა ინფორმაცია მიაწოდა უძილაურმა `იქს~ პირს, როგორ დაზიანდა ამით ქვეყანა?”

ორი ზეიმი ერთ დღეს - ხელისუფლებასა და ევროპელ დიპლომატებს შორის დაპირისპირება მწვავდება

“საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის დაპირისპირება მწვავდება და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა 9 მაისს, როდესაც თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კიკვიძის პარკში ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნებოდა; საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” კი, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ინიციატივით, ევროპის დღე აღნიშნეს. ორივე ღონისძიებაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერი-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. აქვე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ვეტერანები და რიგირთი მოქალაქეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ორი ზეიმი ერთ დღეს და დაპირისპირების ახალი ტალღა / საქართველოს პრემიერი ევროკავშირის ელჩს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს, გერმანიის ელჩი კი პარლამენტის თავმჯდომარეზე წუხს.

“თბილისში აკრედიტებულ ევროპელ დიპლომატთა ნაწილი კი ამის პარალელურად “ექსპო ჯორჯიაში” იყო შეკრებილი. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, “ევროპის დღეზე” ყველა მოიწვიეს და ვისაც მოსვლა სურდა, შეეძლო ღონისძიებას შეერთებოდა. კიკვიძის პარკში ჟურნალისტებთან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჰერჩინსკიზე განაცხადა, “ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ, რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება. შესაბამისად, ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს”. პრემიერი იმედოვნებს, რომ “ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას” კვლავ დაადგება - “ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას, იდენტობის დაცვის გზას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენგანისთვის”, - თქვა კობახიძემ. შალვა პაპუაშვილმა კი ღიად განაცხადა, რომ ევროპის დღეზე დასწრების არანაირი სურვილი არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“|ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, ასე უპასუხა: “საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩემი პოლიტიკაა ის, რომ კომენტარს არ ვაკეთებ იმაზე, თუ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები ჩემს შესახებ. მე ამას პირადად არ ვიღებ. დიდი პატივია, რომ საქართველოში ევროკავშირს წარმოვადგენ და ვცდილობ, ეს რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად”, - განცხადა ჰერჩინსკიმ. გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე ისაუბრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო. მას ან ნამდვილად არ ესმის რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის - აქედან არც ერთი არ არის კარგი. ბრალდებები, ცხადია, რომ მცდარია, ვფიქრობ, რომ აქ (ევროპის დღეზე) მყოფ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ევროპას ხედავენ როგორც მეგობარს, როგორც მეგობრულ და კარგ ადგილს, ხედავენ როგორც იმედის წყაროს, როგორც პარტნიორს, რომელიც საქართველოს პარტნიორობას უწევს მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა”, - განცხადა ფიშერმა”, - დასძენს გამოცემა.

ირაკლი მელაშვილი - “ხელისუფლება რუსული თემისგან დისტანცირებას ფრთხილად ცდილობს”

“ეს ცალსახად სწორი ნაბიჯია - ვინც დასაჭერი იყო, დაიჭირეს. ხელისუფლებას ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა. ვფიქრობ, პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან მაკა ჩიხლაძისა და სხვა ჟურნალისტებსა თუ მოქალაქეებზე ძალადობის არაერთი ფაქტი არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. ცხადია, ეს უპირველესად განუწყვეტელი პროტესტის დამსახურებაა. ხელისუფლებას ყოველდღიურად უწევდა მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინ, როცა პარალელურად ქუჩაში ადამიანებს ტროტუარზე სიარულის გამო აპატიმრებდნენ და აქციების დარბევისას საშინელებებს სჩადიოდნენ. შექმნილი ვითარება უხერხულობას უქმნიდა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მათ მომხრეებსაც. ადეკვატურობისა და ცივილიზებული იმიჯის შესანარჩუნებლად, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ეტყობა, გარკვეულ საკითხებზე დაფიქრდნენ. არა იმიტომ, რომ უცებ “გაკეთილშობილდნენ”, არამედ მათი ძველი სქემა ჩაიფუშა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ადეკვატურობისა და ცივილიზებული იმიჯის შესანარჩუნებლად, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა“.

“ბევრი ნაბიჯი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება რუსული თემისგან დისტანცირებას ფრთხილად ცდილობს. ვნახეთ ვითომ რუსი აგენტების დაპატიმრება, ფარცხალაძეზე საქმის აღძვრა და უკრაინის შესახებ რიტორიკის ცვლილება. მათ იციან, რომ ეს რუსეთს სასტიკად აღიზიანებს, თუმცა ხვდებიან, რომ ძველებურად გაგრძელება შეუძლებელია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის - უნდა გამოუშვან მზია ამაღლობელი და აქციებზე დაჭერილი ახალგაზრდები. თუ ხელისუფლება აცნობიერებს, რომ საგარეო-პოლიტიკური კონიუნქტურა მკვეთრად იცვლება, ძველი გათვლა ეფუძნებოდა დაშვებას, თითქოს უკრაინაში დასავლეთი მარცხდებოდა, რუსეთი კი პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ ერთპიროვნული დომინანტი ხდებოდა. რაკი ეს არ გამართლდა, მათ გადარჩენისთვის დასავლეთთან ურთიერთობების ხელახლა დალაგება მოუწევთ. ბუნებრივია, ამ მცდარი სტრატეგიული გათვლის კრახი ვიღაცას უნდა დაჰბრალდეს. ამისთვის საუკეთესო ფიგურა კობახიძეა, თუმცა, ვფიქრობ, პროცესი მხოლოდ მისით არ შემოიფარგლება და გუნდში სერიოზული საკადრო გადალაგებები დაიწყება. აშკარაა, რომ ცვლილებების დრო გარდაუვალად დგება”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“აქ მთავარი კითხვაა - აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” საშინაო პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას? თუ ძირითადი პოლიტიკური ვექტორი უცვლელი რჩება, ნებისმიერ საკადრო გადაადგილებას აზრი ეკარგება, რადგან ნებისმიერი ახალი პირი იმავე კურსის გაგრძელება იქნება. პოლიტიკურ ცვლილებებს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ისინი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სიღრმისეულ ტრანსფორმაციას ემსახურება... საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ათვლის წერტილად ის მომენტი იქცა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტა საჯაროდ გამოაცხადა. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს სხვადასხვა ინტერპრეტაციით გადაფაროს ის მკაფიო გზავნილები, რაც მანამდე მთავრობის სხვა წევრებმა გააჟღერეს. თუმცა ახლა იმის მტკიცება, თითქოს ირაკლი კობახიძის ნათქვამი საზოგადოებამ თუ საერთაშორისო პარტნიორებმა “არასწორად გაიგეს”, მსოფლიოში აღარავისთვის იქნება დამაჯერებელი და პოლიტიკურ ნაყოფს ვერ გამოიღებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ აქ ყველა ხელისუფლება ავტორიტარული მიდრეკილებებით ხასიათდებოდა და საკუთარ მმართველობას მუდამ მძლავრ პროპაგანდისტულ ნარატივებზე აფუძნებდა. თუმცა პროცესი კრიტიკულ სტადიას მაშინ აღწევს, როდესაც მმართველი ძალა საკუთარ ტყუილებს თავადვე იჯერებს. სწორედ ამ დროს ხდება ხელისუფლება იმდენად არაადეკვატური, რომ მისი ქმედებებით გაოცებული და დაბნეული საბოლოოდ ყველაზე ერთგული მომხრეებიც კი რჩებიან. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ანტიდასავლურად არის განწყობილი, იქნება ეს მოსახლეობის 15, 20 თუ 25 პროცენტი, თავის დროზე სრული ნდობითა და ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ირაკლი კობახიძის ანტიდასავლურ რიტორიკას. მათ ეს აღიქვეს როგორც ხელისუფლების რეალური პოლიტიკური ვექტორი, ახლა კი იგივე ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ მსგავსი არაფერი უთქვამთ და მათი პოზიცია სინამდვილეში სულ სხვაა. შედეგად, მმართველი გუნდი მომხრეებშიც კი აჩენს მწვავე კითხვებსა და უნდობლობას იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად ქვეყნის პოლიტიკურ კულისებში”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“ნებისმიერი პოლიტიკური გაჯანსაღების პროცესში უპირველესი ნაბიჯი პოლიტპატიმრებისა და იმ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებაა, რომლებიც პროტესტის გამო აღმოჩნდნენ საპატიმროში. მათ გარეშე ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების დაწყება წარმოუდგენელია. ეს ქმედებები წარმოადგენს მინიმუმის მინიმუმს და იმ აუცილებელ მარკერს, რომლითაც საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები შიდა თუ საგარეო პოლიტიკის რეალურ ტრანსფორმაციას შეაფასებენ. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს და ახალგაზრდებს კვლავ საპატიმროში დატოვებს, ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური პროცესი უბრალოდ ჩაკვდება და ჩიხში შევა. ასეთ მძიმე ვითარებაში მმართველი გუნდი თავადვე ისპობს ყოველგვარ სივრცეს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რაც ქვეყანას კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს. ციხეში ამდენი ახალგაზრდის ყოფნა მთელი საზოგადოებისთვის უმძიმესი მორალური და პოლიტიკური ტვირთია, ამ პრობლემის დროული და სამართლიანი მოგვარება არა მხოლოდ გააჯანსაღებს პოლიტიკურ ვითარებას, არამედ ოპოზიციის რადიკალურად განწყობილ ნაწილს საფუძველს გამოაცლის შემდგომი ესკალაციისთვის. ეს იქნებოდა შიდა პოლიტიკაში გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯი კრიზისიდან გამოსასვლელად და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ხელისუფლება ამას, მით უკეთესი იქნება ქვეყნის სტაბილურობისთვის”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

პუტინი სომხეთს “უკრაინული სცენარით” ემუქრება და რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

“სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და რუსულ სომხური ურთიერთობები უკვე უკიდურესად იძაბება. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას ღიად მიანიშნა სომხეთის მთავრობას უკრაინულ სცენარზე იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ეცდება. ამას სამხედრო ექსპერტები პირდაპირ სამხედრო მუქარად აღიქვამენ. პუტინის განცხადებით, სომხეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა. “ამჟამად ჩვენ განვიცდით ყველაფერს, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება... და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით, ან გაწევრიანების მცდელობით. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო... შემდეგ ეს ყველაფერი მივიდა სახელმწიფო გადატრიალებამდე, ყირიმის საქმემდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიციამდე და საბრძოლო მოქმედებებამდე”, - აღნიშნა პუტინმა. იგი სომხეთის ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის გამართვას სთავაზობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი" სტატიაში სათაურით ღია ზეწოლა არჩევნების წინ - პუტინი სომხეთს “უკრაინული სცენარით” ემუქრება და რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

“ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის იმის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი. “შესაბამისად, ჩვენც გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და რბილი, ინტელექტუალური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების გზას დავადგებოდით”, - აღნიშნა პუტინმა. აღნიშნულს სომხეთის საგარეო უწყებიდან მალევე მოჰყვა პასუხი, რომ ყველაფერი ოფიციალური ერევნის გადასაწყვეტია. “აქ ახალი არაფერია. მოცემულ მომენტში ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ და ვაგრძელებთ კავშირში ჩვენს საქმიანობას. ასევე საიდუმლო არ არის, რომ სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, ჩვენ მას მივიღებთ”, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმზღვანელმა. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. მმართველმა პარტიამ “სამოქალაქო თანხმობა” ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად მარტის ბოლოს დაასახელა. მის მეტოქეებს შორის არიან ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის “სომხეთის ალიანსი”, რომელსაც 101-წევრიან პარლამენტში ამჟამად 29 მანდატი აქვს; პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია “ძლიერი სომხეთი” და ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის “აყვავებული სომხეთი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განსაკუთრებული ზრდა აპრილიდან შეინიშნება, პირველ აპრილს მოსკოვში პუტინისა და ფაშინიანის სკანდალურ შეხვედრაში აისახა. პუტინმა სომხეთის ლიდერს პრაქტიკულად ღიად მოსთხოვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ პრორუსულმა ძალებმა და მათ შორის პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ; ამაზე პასუხად კი მიიღო, რომ სომხეთში პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები პატიმრობაში არ არიან, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. ფაშინიანის ამ “გაჯიუტებას” კი მყისიერი ნაბიჯი მოჰყვა - სომხეთის ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ბოლო პერიოდში საეჭვოდ გაიზარდა სომხური პროდუქციის იმპორტი რუსეთში და ხშირ შემთხვევაში ამ პროდუქციის ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია. კრემლი პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობით განსაკუთრებით მას შემდეგ ჩანს გაღიზიანებული, რაც 4-5 მაისს ერევანში სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი ჩატარდა, სადაც თითქმის მთელი ევროპის პოლიტიკური ელიტა მონაწილეობდა. სომხეთის დედაქალაში იყო უკრაინის დელეგაციაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით. ამის გამო კრემლმა ფაშინიანის ხელისუფლება დადებული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენემა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს”. მისი თქმით, “რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა და გაუგებრობით არა მხოლოდ დაინახა, არამედ, დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთმა, რომელსაც მეგობრულ, ძმურ ქვეყნად მიიჩნევდნენ, ტრიბუნა დაუთმო ტერორისტებს და ნეონაცისტურ კიევს”. კრემლის უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა ფაშინიანის უარმა, დასწრებოდა 9 მაისის აღლუმს მოსკოვში. უარის მიზეზად სომხეთის პრემიერმა მოახლოვებული არჩევნები და საარჩევნო კამპანია დაასახელა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ პუტინის ბოლო განცხადება პირდაპირი სამხედრო მუქარაა, რასაც შეიძლება პრაქტიკული ნაბიჯებიც მოჰყვეს”, - დასძენს გამოცემა.

“ეს პირდაპირი სამხედრო მუქარაა. პუტინი გამწარებულ-გაბრაზებულია, განსაკუთრებით იმით, რომ ზელენსკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის ხელისუფლებამ ის თბილად მიიღო. ეს რუსეთისთვის სილის გაწვნაა. რუსეთისთვის სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება და მაისის სამიტი ასევე წითელი ხაზია, მით უმეტეს ბლოკთან პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება - ეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. გარდა ამისა, სომხეთმა შეაჩერა “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა” და “ევრაზიის ეკონომიკური კავშირში” მონაწილეობა... ინციდენტები მოსლოდნელია. რუსეთმა შეძლო სამი პრორუსული გაერთიანებული ბლოკის შექმნა და მარაოსებურად აპირებს გავლენა მოახდინოს არჩევნებზე. თუ ამ სამთა კოალიციამ გაიმარჯვა, პუტინს აგრესიული გეგმის განხორციელების საჭიროება აღარ ექნება და თუ ფაშინიანმა გაიმარჯვა, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ფარული სამხედრო ინტერვენციის ფორმა გამოიყენოს, რაც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფორმაა. ღია სამხედრო ინტერვენციას, ვფიქრობ, ვერ გაბედავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია