თამარ გაბუნია - პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.

„COVID-19 ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობამ იანვრიდან მკვეთრ ზომებს მიმართა, რომელიც მოიცავდა სოციალურ დისტანცირებას, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების სრულ მობილიზებას, დროულ ტესტირებას და კონტაქტების კვლევას. COVID-19-ის კრიზისმა ჩვენ ნათლად დაგვანახა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები, როგორიცაა ადამიანური რესურების მობილიზების, ხარისხიან დიაგნოსტირებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის და კრიტიკული შემთხვევების მართვის საკითხები“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე.

„პანდემიის პირობებში საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვა და დიალოგის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების როლების განსაზღვრას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს. რამდენადაც საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო საკუთრებაა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კერძო დაწესებულებების შესაძლებლობების გამოყენების პარალელურად, გააძლიეროს სახელმწიფო დაწესებულებები და მოახდინოს არსებული ხარვეზების კორექტირება. ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, კრიტიკული შემთხვევების მართვის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს ინვესტირების უმთავრეს პრიორიტეტებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ.

„ჩვენ არაერთმა პარტნიორმა შემოგვთავაზა დახმარება. მაისში საქართველომ წამოიწყო მსოფლიო კრიზისზე რეაგირების პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკი. დამატებითი ინვესტიციები იქნება მობილიზებული 700-ზე მეტი საავადმყოფო საწოლის განახლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით. ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი მხარდაჭერა მიიღო სხვა ადგილობრივი სექტორებისგან. იმისათვის, რომ მულტისექტორული რეაგირების პროგრამებმა კარგად იმუშაონ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო და პასუხისმგებლობის ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკურ როლებს თითოეული დარგობრივი მოთამაშისთვის”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა