ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული 142 პაციენტიდან 55 -ს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.
„გასული დღის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგვემატა 23 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი. გუშინ 22 პაციენტი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ამ დილისთვის სტაციონარში ირიცხება 142 პაციენტი. 9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ოღონდ აპარატულ სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს.
დღეს იგეგმება 17 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზონაში. ველოდებით ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას",- განაცხადა გია კიკაბიძემ.