„ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“ შეთანხმებას გააფორმებენ

ოპოზიციური პარტიები: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“ დღეს, 16 სექტემბერს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული ოპოზიციის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილს მოიცავს.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, შეთანხმებას 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გააფორმებენ.

მათივე განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას“.

„შეთანხმება არის ოპოზიციის მიერ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე ნაწილი. პირველი მარტში გაიმართა, რომელიც სასამართლოების რეორგანიზაციას ეხებოდა.

ხელმოწერის მსურველი პარტიებისთვის ეს ფორმატი ღიაა. ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ხელმომწერებს მომავალში დაემატოს.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

  1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
  2. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
  3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა

  1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
  2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
  3. ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სუს-ი

  1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
  2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა“, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა