დავით ბრაგვაძე „ცხინვალი 1920-ის" შესახებ - ჩვენ არ ვქმნით კონტრპროპაგანდისტულ პროდუქტს, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ სიმართლეს

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, დავით ბრაგვაძე, რომლის ინიციატივითაც „ცხინვალი 1920-ის" გადაღება გადაწყდა, აცხადებს, რომ სეპარატისტული ძალების მხრიდან ფილმის დისკრედიტაციის მცდელობა ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.

„ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, მეორე მხრივ, კი ცოტა მოულოდნელიც საზოგადოების ასეთი გამოხმაურება და აქტიურობა. ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა და ვიმედოვნებთ, რომ იმ დიდ მოლოდინებს, რომლებიც წინასწარ შექმნილია, არ გავუცრუვებთ. ამ მოულოდნელობის შემდეგ კი სრულიად მოსალოდნელი გახლდათ, რომ სეპარატისტული მხარე ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. შესაბამისად, ფილმის „ფეისბუქ" გვერდზე განხორციელებული ერთგვარი თავდასხმა ე.წ. ტროლებისა და ბოტების მხრიდან. ცხადია, ჩვენ მივყვებით იმ დასახულ მიზანს, რომელიც თავიდანვე გაცხადებული გახლდათ - ჩვენ არ ვქმნით კონტრპროპაგანდისტულ პროდუქტს, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ სიმართლეს, როგორც ქართველებს, ასევე ეთნიკურ ოსებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში მცხოვრები ეს ორი ეთნოსი ერთი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩილ ორ მხარეს წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ფილმი მოხსნის ყველა იმ გაურკვევლობას, რაც შეიძლება არსებობდეს 1920 წლის აჯანყების გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე მუშაობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისი წვლილიც არის ამ მნიშვნელოვან საქმეში. განსაკუთრებული მადლობა კი, რასაკვირველია, იმ ადამიანებს, რომელბმაც პრაქტიკულად სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს, რათა ფილმს სანდოობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი ჰქონოდა - წარმოუდგენლად მოკლე დროში საფუძვლიანად გამოიკვლიეს 1920 წლის მოვლენების ამსახველი ძალიან ვრცელი საარქივო მასალა და ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გახადეს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დავით ბრაგვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა