პორტუგალიის ტურიზმის მინისტრი - საზღვრები უნდა გაიხსნას, მაგრამ იმ პირობით, თუ უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული

ზოგადად ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრები უნდა გაიხსნას, მაგრამ იმ პირობით, თუ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იქნება,- ამის შესახებ პორტუგალიის ტურიზმის მინისტრმა, რიტა მარკესმა ჟურნალისტებს პანდემიის პირობებში საქართველოს საჰაერო მიმოსვლის პოლიტიკის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საზღრების გახსნა უსაფრთხოების ნორმების დაცვის პირობებში უნდა მოხდეს.

„პირველ რიგში ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ჯანდაცვა, თუმცა შემდეგ მოდის ეკონომიკა და ვიცით, რომ ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭიროა საზღვრების გახსნა. ასე, რომ ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრები უნდა გაიხსნას, მაგრამ იმ პირობით, თუ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იქნება და თუკი ყველა ტურისტი, მგზავრი ამ წესებს დაიცავს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ უსაფრთხოების წესების დაცვას“, - განაცხადა რიტა მარკესმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა რეკომენდაციები ექნება საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმის სექტორის დახმარების კუთხით, რიტა მარკესი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიების დახმარება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„ ტურიზმის სექტორში ყოველთვის გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები. მოკლევადიანი პრიორიტეტები ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და იმას, რომ კომპანიები რთულ დროს გადარჩნენ. ამ კუთხით ჩვენი რჩევა საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება ის, რომ დაიცვან სამუშაო ადგილები და რამდენადაც შესაძლებელია დაეხმარონ კომპანიებს. მეორე არის გრძელვადიანი სტრატეგია. ტურიზმი დაბრუნდება, ვინაიდან ყველას გვიყვარს მოგზაურობა. ასე, რომ ტურიზმი ძალიან მალე ამუშავდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ ახალი ტურიზმისთვის. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვა უნდა მოვახდინოთ, იმისთვის, რომ მომავალი ტურიზმი უფრო ძლიერი და უფრო უკეთესი გახდეს“,-განაცხადა რიტა მარკესმა.

ცნობისთვის, თბილისი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა