ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას - „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალა, რომელიც ასოცირდება პროგრესთან - რომ არ გვეთანხმებით, ეს პოლიტიკური პაექრობის ნაწილია

„ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალა, რომელიც ასოცირდება პროგრესთან. რომ არ გვეთანხმებით, ეს პოლიტიკური პაექრობის ნაწილია, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული „საზიანო პროცესი“ დაასრულა „ღია და გამჭვირვალე კონტრაქტით კლანთან“.

როგორც ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მმართველ გუნდს არავისთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

„ეს მსჯელობა უკვე პოლიტიკურ ჭრილშია გადატანილი. მესმის, წინასაარჩევნო პროცესში ვართ და ქალბატონ ეკას აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

რაც შეეხება ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, არ უნდა იყოს აღქმული, რომ რამე გავაფუჭეთ და ვასწორებთ. დიდი ბოდიში, მაგრამ რომ ვსაუბრობთ პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იყო, ვისი დამსახურებით გაიხსნა? ვინ შეიმუშავა ეს ცვლილებები? - ამ მოწვევის პარლამენტმა, უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალა, რომელიც ასოცირდება პროგრესთან. რომ არ გვეთანხმებით, ეს პოლიტიკური პაექრობის ნაწილია, მესმის, თქვენც შეგიძლიათ არ დაგვეთანხმოთ. მაგრამ იმის თქმა რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ კონტრაქტი გავაფორმეთ თითქოს... არავითარი კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. გავხსენით ისტორიული პროცესი. სასამართლოს კონკრეტული სტატისტიკა ცხადყოფს, როგორ სრულდება დღეს დავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს სასამართლოში, რომ სახელმწიფო ბევრ შემთხვევაში აგებს დავას მოქალაქესთან, რაც ვერავის წარმოდგინა. ის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ მოთხოვნილი პატიმრობა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება, ის, რომ პროკურატურას არ ეთანხმება სასამართლო და არ არის სინქრონში - ეს ხომ იმ ყველაფრის შედეგია, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს? გვესმის, რომ არ არის იდეალური სიტუაცია. რომელი ქვეყნის სასამართლოშია იდეალური სიტუაცია, იქნებ გვითხრათ?“, - განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ „ეს ცვლილებები ემსახურება დაზუსტებას და არა იმას, რომ რაღაც არასწორია და ვასწორებთ“.

ცნობისთვის, ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ხმა მისცეს იმ მოსამართლეებს, რომელთა უმრავლესობამ სამართლის საფუძვლები არ იციან. ასევე ბესელიამ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული „საზიანო პროცესი“ დაასრულა „ღია და გამჭვირვალე კონტრაქტით კლანთან“.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა, პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა. “საერთო სასამართლოების შესახებ” წარმოდგენილი ძირითადი და ალტერნატიული ორგანული კანონების პროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად მიღების თაობაზე დადგენილებას პარლამენტმა კენჭი ცოტა ხნის წინ უყარა. ძირითად კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნულის შედეგად, პარლამენტში პირველი მოსმენით ირაკლი კობახიძის, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის კანონპროექტს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა