ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ, შესრულებულია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ, ზედმიწევნით არის შესრულებული და ის ასახულია იმ პროექტში, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე მათ წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ კანონპროექტის თაობაზე პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები ეხება გადაწყვეტილების დასაბუთების, გასაჩივრებისა და კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა.

„რამდენიმე საკითხი იყო დასაზუსტებელი, რომელიც უკავშირებოდა გადაწყვეტილების დასაბუთებას, გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ასევე კენჭისყრის ღიაობას. სამივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი პოზიციები, რაც ვფიქრობ, მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს. ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი დღე დამატებითი კონსულტაციებისთვის და ხვალ, ვფიქრობთ, უკვე მეორე მოსმენით იქნება მიღებული კანონპროექტი, სადაც უკვე ასახული იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა რეკომენდაცია.

პირველ რიგში, დასაბუთების ნაწილში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია იყო, რომ გარდა იმისა, რომ საბჭოს თითოეული წევრის მიერ იწერება გასაუბრებაზე ქულები, ეს ქულა უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, წერილობით, თხრობითი ფორმით, ეს რეკომენდაცია არის ზედმიწევნით გათვალისწინებული იმ პროექტში, რომელიც დღეს წარვუდგინეთ საერთაშორისო პარტნიორებს. რაც შეეხება გასაჩივრებას, აქ იყო რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ უნდა შეეჩერებინა გასაჩივრებას საბოლოო ჯამში წარდგენის გადაწყვეტილება და ეს რეკომენდაციაც არის გათვალისწინებული. რაც შეეხება კენჭისყრის ღიაობას, აქ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებს მოდელი, რომლის თანახმადაც, სრული ინფორმაცია ექნებათ საბჭოს წევრებს იმის თაობაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თითოეულმა მათგანმა და ასევე ეს ინფორმაცია მთლიანად იქნება ხელმისაწვდომი საკვალიფიკაციო პალატისთვის უზენაეს სასამართლოში, რომელიც შესაბამის საჩივარს განიხილავს. მოგეხსენებათ, რომ გასაჩივრებასთან არის დაკავშირებული ეს საკითხი და ეს მოდელი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ, ქმნის იმის საშუალებას, რომ საკვალიფიკაციო პალატამ ზედმიწევნით, ზუსტად განიხილოს საჩივარი, რომელიც იქნება წარდგენილი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის თაობაზე შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა