მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.
დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება.
,,ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად იმდინარეობს გზების გაწმენდა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები.
ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში.