თორნიკე რიჟვაძე - პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

„ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას. იყო დაყოვნება ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის აღმოფხვრილი. სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების, ასევე დიაგნოსტიკის და ჰოსპიტალური მართვის ნაწილში.

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. პროცესებში ჩართულები არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პაციენტების მართვა და შევაჩეროთ უკონტროლო გავრცელება.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ ნაწილში გვქონდეს სრული წესრიგი. ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას.

რაც შეეხება საწოლფონდებს, არსებობს მუდმივი რეზერვი. ჩვენ ველით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დასტაბილურდება.

უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პნევმონიის გარკვეული რაოდენობა, რაც საყურადღებოა”, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღეს აჭარაში ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტაციონარში მკურნალობას გადის 504 პირი, ხოლო კოვიდკარანტინში იმყოფება 456 პაციენტი. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება, ამოქმედებულია ონლაინ კლინიკა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს