თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა და მრავალეროვნული ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ გენერალს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა.

დღესვე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ამერიკელ საზღვაო ქვეით ძალებთან მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესიც გააცნო.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ამერიკელი გენერალი კრწანისისა და ალგეთის საწვრთნელ ბაზებზე ამერიკელ საზღვაო ქვეითებს მოინახულებს.

გენერალ-მაიორი სტივენ ნიერი ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრსაც (CTC) ესტუმრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა